ერთ თვეში ბიუჯეტში საწვავის აქციზიდან 50,2 მლნ ლარი შევიდა
2024 წლის იანვარში საწვავის (ბენზინი, დიზელი, ნავთი,) აქციზიდან ბიუჯეტში 50 264 124 ლარი შევიდა – ამის შესახებ აღნიშნულია ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებში (კონსოლიდაციის გარეშე). აღსანიშნავია, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდში თანხის მოცულობა 39 712 113 ლარს შეადგენდა. შედეგად გამოდის, რომ წლიურ ჭრილში აქციზიდან შესული თანხა თითქმის 25,6%-ით გაიზარდა.
ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის იანვარში
- ბენზინის აქციზიდან მიღებულმა შემოსავალმა 28 445 367 ლარი შეადგინა (2023 წელს – 18 868 205 ლარი);
- დიზელის საწვავის აქციზიდან შემოსავალი იანვარში 21 803 387 ლარი იყო (2023-ში – 20 829 051 ლარი);
- ნავთიდან შემოსავალმა კი წელს 15 370 ლარი შეადგინა (2023 წელს – 14 858 ლარი).
აღსანიშნავია, რომ წელს იანვარში მთლიანად ხაზინაში აქციზის გადასახადიდან 177 897 617 ლარის შემოსავალი შევიდა, მხოლოდ საწვავიდან 50 264 124 ლარი, დანარჩენი თამბაქოზე, ალკოჰოლურ სასმელზე, ავტომობილებზე და ა.შ. ნაწილდება. შედეგად გამოდის, რომ ბიუჯეტში აქციზიდან აკუმულირებული თანხის 28,2% სწორედ საწვავის აქციზზე მოდის.
შეგახსენებთ, რომ საწვავის აქციზის გადასახადი საქართველოში 2017 წლიდან გაორმაგდა. ამ წლამდე აქციზი ტონაზე 250 ლარს შეადგენდა, 1-ლი იანვრიდან კი 500 ლარამდე გაიზარდა. ერთ ლიტრზე აქციზის გადასახადი დღეს შეადგენს 38 თეთრს, 2017 წლამდე კი 19 თეთრი იყო. დამატებითი ღირებულების გადასახადი საქართველოში 18%-ია.