ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის შეფასებით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს ინარჩუნებენ, ხოლო საკრედიტო აქტივობა მდგრად დონეზეა.
ეროვნული ბანკის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარში, სესხების წლიურმა ზრდამ, წინასწარი შეფასებით, გაცვლით კურსის ეფექტის გამორიცხვით, 15.8% შეადგინა, რაც მნიშვნელოვანწილად, ბიზნეს სესხების ზრდით არის განპირობებული.
სებ-ის შეფასებით, 2023 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა გრძელვადიან ტრენდს ეტაპობრივად უახლოვდება.
გასული წლის დასაწყისთან შედარებით, სესხების მშპ-თან ფარდობის უარყოფითი გაპი მნიშვნელოვნად შემცირებულია, რაც მაღალი ეკონომიკური ზრდის ნორმალიზებისა და მდგრადი საკრედიტო აქტივობის ასახვაა.
სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის შეფასებით, საკრედიტო აქტივობისა და ეკონომიკური ზრდის არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ სესხების მშპ-თან ფარდობა მის გრძელვადიან ტრენდს 2024 წელის პირველ ნახევარში დაუახლოვდება. შესაბამისად, მიმდინარე ეტაპზე კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტის ცვლილების საჭიროება არ იკვეთება.