2023 წელს, საქართველოდან ოქროს ექსპორტის ღირებულება წლიურად 8.9%-ით გაიზარდა და $89 მილიონი შეადგინა.
ექსპორტის მაჩვენებლის ზრდა ფასების მატებითაა გამოწვეული, რადგან მოცულობა წლიურად მხოლოდ 1.5%-ით არის გაზრდილი. სულ გასულ წელს ქვეყნიდან 2.7 ტონამდე ოქროს ექსპორტი განხორციელდა.
ოქროს ექსპორტი საქართველოდან(მილიონი აშშ დოლარი)
ექსპორტის ღირებულების ზრდა მსოფლიო ბაზარზე ძვირფასი ლითონის გაძვირებას უკავშირდება. გასული ორი წლის განმავლობაში ოქროს გაძვირებისკენ უბიძგებდა სხვადასხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების შესყიდვები.
ძვირფას ლითონს მაღალი ფასის შენარჩუნებაში ეხმარებოდა მოთხოვნის ზრდა ჩინეთში. ჩინეთში საცალო ინვესტორებმა, ადგილობრივი საფონდო ბირჟებისა და უძრავი ქონების ბაზრის მერყეობის ფონზე, რისკების ჰეჯირებისათვის ოქროს მიმართეს და მასზე მოთხოვნა გაზარდეს.
2024 წლის იანვარში, გლობალურ ბაზარზე ოქროს ფასი თვიურად 1.1%-ით შემცირდა. მიუხედავად მცირე კლებისა, წელს ის ფსიქოლოგიურ ნიშნულზე, $2,000-ზე დაბლა არ ჩამოსულა.
რაც შეეხება პროგნოზს, უოლ სტრიტი წელს ოქროს ფასის ზრდას ელის, რაც განაკვეთების შემცირებითა და ცენტრალური ბანკების მიერ ოქროს შესყიდვებით იქნება განპირობებული.