გლობალურ ბაზარზე კაკოს ფასის ზრდის პარალელურად, რაც გასულ წელს განსაკუთრებით შესამჩნევი იყო, საქართველოს შოკოლადის ნაწარმის იმპორტი მხოლოდ ერთ წელიწადში (2023 წელს 2022 წელთან შედარებით) 9,5%-ით გაუძვირდა.
მსოფლიოში კაკაოს ფასის რეკორდული ზრდის მიმდინარე ტენდენციას თუ გავითვალისწინებთ, გამორიცხული არაა, რომ უახლოეს მომავალში ქართულ ბაზარზე შოკოლადზე ფასმა მოიმატოს და თანაც მნიშვნელოვნად.
სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, რომ საქართველოში კაკაოსა და კაკაოს ნაწარმზე მოთხოვნა გაზრდილია.
კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, ქვეყანამ 2023 წელს $88,800 მლნ. ღირებულების შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები შეიძინა, რაც ბოლო 15 წლის რეკორდული მაჩვენებელია. (საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე იმპორტის მაჩვენებელი ხელმისაწვდომი 2011 წლიდან არის).
2011 წელს საქართველოში $42,862 მლნ. ღირებულების 15 695 ტონა შოკოლადი შემოვიდა, გასულ წელს კი $88,800 მლნ-ის 22,204 ტონა.
ბოლო 5 წლის იმპორტის მონაცემები ასე გამოიყურება:
-
2019 წელი – $54,474 მლნ. ღირებულების 18 536 ტონა (საშუალო ფასი ტონაზე $2 938)
-
2020 წელი – $44,300 მლნ. ღირებულების 17 100 ტონა (საშუალო ფასი ტონაზე $2 590);
-
2021 წელი – $54,733 მლნ-ის 19 704 ტონა (საშუალო ფასი ტონაზე $2 777);
-
2022 წელი – $77,827 მლნ-ის 21 307 ტონა (საშუალო ფასი ტონაზე $3 652);
-
2023 წელი – $88,800 მლნ-ის ღირებულების 22 204 ტონა (საშუალო ფასი ტონაზე $3 999).
კაკაოს ფასი მსოფლიო ბაზარზე
გლობალურ ბაზრებზე კაკოს ფასი მორიგ რეკორდებს ამყარებს. ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე ტონაზე ფასმა $6 000-ს უკვე გადააჭარბა. ეს კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 125%-ით მაღალი ფასია. 2023 წლის 14 თებერვალს ერთი ტონა კაკაო ბირჟებზე $2 667 ღირდა.
აღსანიშნავია, რომ ამჟამინდელი ფასები აღემატება წინა ისტორიულ მაქსიმუმს, რომელიც 1977 წელს დაფიქსირდა, როცა კაკაოს მარცვლების ფიუჩერსები ტონაზე $4 600-ზე მეტად იყიდებოდა. ფასთა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნახტომი 2011 წლით თარიღდება, როცა ფიუჩერსებმა ტონაზე, თითქმის, $3,800-ს მიაღწია. ამის შემდეგ ფასები ტონაზე $1800-დან $2500-დოლარამდე დერეფანში შენარჩუნდა, ხოლო 2022 წლის ბოლოს სწრაფი ზრდა დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ ამჯერად კაკაოს გაძვირება დასავლეთ აფრიკაში არსებულმა ცუდმა მოსავალმა განაპირობა. ამასთან, ზრდა გამოიწვია კაკაოს მარცვალსა და შოკოლადის პროდუქტზე მოთხოვნის ზრდამაც.