როგორც ცნობილია, თითქმის 19-თვიანი პაუზის შემდეგ, საქართველოში პარაპლანით ფრენები აღდგა. ამ დროისთვის ფრენები დასაშვებია 3 ლოკაციაზე, ფრენის უფლება კი უფლება 90-მდე პილოტს აქვს.
როგორც პარაგლაიდინგის ფედერაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი კაპანაძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საკმაოდ მკაცრია წესებიც, რომელთა დაცვა მთლიანად ფედერაციას მოუწევს.
„ჩვენ ახლა დაახლოებით 60 პილოტი გვყავს, რომელთა საქმიანობა არის კომერციული ფრენები. კომერციული ფრენების მიმართულებით მუშაობს დაახლოებით 15 უცხოელი პილოტიც. კიდევ 15 ადამიანია ისეთი, რომელიც საკუთარი სურვილით დაფრინავს.
პარაპლანისტებისთვის საკუთარი ფრენებისთვის გამოყოფილი იქნება G კლასის საჰაერო სივრცე, გარდა იმ ნაწილისა, რომელშიც დამატებითი შეზღუდვები მოქმედებს, ეს შესაძლოა, იყოს სტრატეგიული ობიექტი, სამხედრო ბაზა – ამის თავზე ფრენა არ შეიძლება. საქართველოს საჰაერო სივრცის სამი/მეოთხედი G კლასია“, – აღნიშნა ირაკლი კაპანაძემ.
მისივე თქმით, პილოტებისთვის სავალდებულო იქნება წელიწადში ერთხელ გაიარონ საფრენი აპარატების შემოწმება.
„ფედერაციას მოეთხოვება პილოტების კვალიფიკაციის და მათი საფრენი აპარატის ვარგისიანობის დადასტურება. ადრე ეს ხდებოდა, თუმცა ამაზე პასუხისმგებელი იყო პილოტი. ახლა ეს პიროვნულ გადაწყვეტაზე აღარ არის დამოკიდებული. მათ წელიწადში ერთხელ უნდა შეამოწმონ საფრენი აღჭურვილობა და 6 თვეში ერთხელ გადაკეცონ სათადარიგო პარაშუტი. ამას აკეთებს ფედერაცია ან უფლებამოსილი პირი და შემდეგ ფედერაცია უფლებამოსილი პირის ჩატარებულ შემოწმებას აღიარებს.
განსაკუთრებით მკაცრი რეგულაციები არის პარაპლანისტებისთვის, რომლებიც ეწევიან კომერციულ საქმიანობას. არანაკლებ რთული მოთხოვნები აქვთ სასწავლო დაწესებულებებს, ანუ სკოლებს, რომლებმაც ფრენა უნდა ასწავლონ. ჯამში, ყველას უნდა ჰქონდეს საბუთი, რომელიც პილოტის კვალიფიკაციას ადასტურებს, სადაც წერია, რომელი დონის მფრინავია. ამას ფედერაცია აკეთებს“, – განაცხადა ირაკლი კაპანაძე.
შეგახსენებთ, რომ პარაპლანით ფრენები მას შემდეგ აიკრძალა, რაც გუდაურში 2022 წლის 29 ივლისს პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციის ჩატარებისას კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენში მყოფი რვა პირი გარდაიცვალა.
ამ ტრაგედიის შემდეგ, ფრენების უსაფრთხოების, ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობამ პარაპლანით ფრენის, ექსპლუატაციისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, დროებითი წესი გასული წლის 10 მაისს მიიღო. საკომიტეტო განხილვების შემდეგ, 2023 წლის 15 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონის პროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” და მისგან გამომდინარე კანონპროექტები.
ახალი წესის შესაბამისად, საფრენად დაიშვებიან მხოლოდ ის მფრინავები, რომელთაც აქვთ ფრენის შესაბამისი კომპეტენცია/კატეგორია, ანუ ჩაბარებული ექნებათ შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული გამოცდა, რომლის შედეგადაც მიიღებენ ერთწლიან ან სამწლიან ნებართვებს.
აღნიშნული წესების კონტროლს შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს, რომელიც ამავე დროს, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას უზრუნველყოფს.