საქართველოში სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობის ბაზარზე (FMCG სექტორი) ბრენდული ქსელები თანდათან იკავებენ არაბრენდული მაღაზიების ადგილს.
ბრენდული ქსელების ექსპანსია, რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა, 2023 წელსაც გაგრძელდა. ამას ადასტურებს Galt&Taggart-ის მიერ ჩატარებული FMCG სექტორის კვლევაც.
2018-23 წლებში სამომხმარებლო ბაზარზე ბრენდული ქსელების წილმა 21.7%-დან 38.6%-მდე მოიმატა.
ბრენდული ქსელების ზრდა მეტწილად ახალი მაღაზიების გახსნითაა განპირობებული. 2023 წელს მათი წილის და შემოსავლების ზრდაზე ყველაზე დიდი ეფექტი სწორედ ამ ფაქტორმა მოახდინა.
Galt&Taggart-ის პროგნოზით, ბრენდული ქსელები ზრდას მომავალშიც გააგრძელებენ და 2028 წლისთვის, გეოგრაფიული ექსპანსიისა და სტრატეგიული განვითარების ხარჯზე, ისინი ბაზრის 55.6%-მდე დაიკავებენ.
კვლევაში ნავარაუდევია, რომ ბაზრის არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე, 2028 წლამდე თბილისში დამატებით 1,100, ხოლო რეგიონებში 1,800 მაღაზიის გახსნაა შესაძლებელი.
ამავე პროგნოზით, FMCG ბაზრის ზომა სწორედ ბრენდული ქსელების ხარჯზე მოიმატებს და 2028 წლისთვის 33.8 მილიარდ ლარს მიაღწევს. შესაბამისად, მოიმატებს მათი შემოსავალი და დაახლოებით 18,8 მილიარდ ლარს გაუტოლდება.
ბრენდული ქსელების შემოსავლების ზრდას 3 ფაქტორი განაპირობებს: ინფლაცია, მოთხოვნის ზრდა და გეოგრაფიული ექსპანსია, ანუ რეგიონებში გაფართოება.
ბრენდული ქსელების ბაზარზე სულ 50 კომპანიაა. ტოპ-ოთხეული – „ნიკორა”, „2 ნაბიჯი”, „კარფური” და „სპარი” ბრენდული ქსელების სეგმენტში ჯამში 55%-ს იკავებენ.
ამავდროულად, ეს 4 ქსელი მთლიანი სამომხმარებლო პროდუქციით ვაჭრობის ბაზრის 21%-ს ინაწილებს.