Amazon-ის და რობოტი მტვერსასრუტების მწარმოებელი iRobot-ის შერწყმა ევროკავშირის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა დაბლოკა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
მარეგულირებელმა მიიჩნია, რომ გაერთიანების შემთხვევაში, ონლაინ ბაზარზე Amazon-ის მხრიდან iRobot-ის კონკურენტების შევიწროების საფრთხე გაჩნდებოდა, განსაკუთრებით საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიასა და ესპანეთში.
კომპანიების შესაძლო შერწყმის შესახებ ინფორმაცია პირველად 2022 წლის აგვისტოში გავრცელდა.
ონლაინ საცალო ვაჭრობის ლიდერი Amazon, რომელიც უკვე ფლობს Alexa-ს და Ring-ს, ცდილობდა გაეფართოებინა ჭკვიანი სახლის მოწყობილობები.
გარიგებას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა. ისინი ვარაუდობდნენ, რომ ეს გაზრდიდა Amazon.com-ის ისედაც ძლიერ პოზიციებს ჭკვიანი სახლის მოწყობილობების მიმართულებით.
გარიგების შესაძლო ჩაშლის შესახებ პირველი ცნობების გავრცელებისთანავე, iRobot-ის აქციები 18,5%-ით დაეცა.
მასაჩუსეტსში დაფუძნებულმა iRobot-მა ხარჯების შესამცირებლად რესტრუქტურიზაცია დაიწყო. კომპანიამ განაცხადა, რომ შეამცირებს თანამშრომლების დაახლოებით 31%-ს, ანუ 350 სამუშაო ადგილს. კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ დამფუძნებელმა კოლინ ენგელმა დატოვა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა.
2023 წელს iRobot-ის ზარალმა $285 მილიონს მიაღწია. ხელშეკრულების პირობების მიხედვით, Amazon გარიგების შეწყვეტის საფასურის სახით iRobot-ს $94 მილიონს გადაუხდის.