ევროკავშირის მიერ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების კონფისკაცია, რომლებიც ევროპაშია გაყინული, სავარაუდოდ, არ მოხდება. ამის შესახებ Reuters წერს.
ევროკავშირის ოფიციალური პირები აქტივების ჩამორთმევას სარისკოდ მიიჩნევენ.
ისინი შიშობენ, რომ კონფისკაციამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ევროში განთავსებულ სხვა აქტივებსაც. G7 ამ საკითხის განხილვას თებერვალში გეგმავს.
„რუსული აქტივების კონფისკაცია არ მოხდება. ამ საკითხზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის შეთანხმება არ არსებობს”, – უთხრა Reuters-ს მაღალჩინოსანმა, რომელიც ამ საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობდა.
ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, იაპონიამ და კანადამ 2022 წელს გაყინეს რუსეთის ცენტრალური ბანკის დაახლოებით $300 მილიარდის აქტივი. აქედან დაახლოებით $200 მილიარდი ევროპაში ინახება, ძირითადად, ბელგიურ საკლირინგო სახლში Euroclear.
გავლენა ევროზე
ევროპელი ოფიციალური პირები არა მხოლოდ აქტივების უპრეცედენტო კონფისკაციის კანონიერებაზე დავობენ, არამედ შიშობენ, რომ ეს პროცესი უარყოფითად იმოქმედებს ევროზე.
კერძოდ, ინვესტორებმა, შესაძლოა, მოიცილონ ევროს აქტივები იმის შიშით, რომ ერთ დღეს მათ ფულსაც დააყადაღებენ.
გარდა ამისა, მოსკოვმა პირობა დადო, რომ საპასუხოდ, რუსეთში არსებული დასავლური აქტივების კონფისკაციას განახორციელებს. არსებული ცნობებით, ასეთი აქტივები რუსეთში $288 მილიარდს შეადგენს.
ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქსავიერ ბეტელმა განაცხადა, რომ ის „ძალიან ფრთხილია” რუსული აქტივების საკითხის მიმართ.
„წარმოიდგინეთ, გადავწყვიტეთ უკრაინისთვის მილიარდების მიცემა და ექვს თვეში სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ არ გვქონდა ამის უფლება. ვინ გადაიხდის მაშინ?”, – თქვა ბეტელმა.
ბელგიის ფინანსთა მინისტრი ვინსენტ ვან პეტეგემი, რომლის ქვეყანაც ევროკავშირს ივლისამდე თავმჯდომარეობს, ამბობს, რომ ის ძალიან თავშეკავებულია რუსული აქტივების კონფისკაციის მიმართ.
„ჩვენ ამ გადაწყვეტილების მიღებისას განსაკუთრებული წინდახედულება უნდა გამოვიჩინოთ. ის უნდა იყოს სამართლებრივად მყარი და ამასთანავე, თავიდან უნდა ავიცილოთ ფინანსურ სტაბილურობაზე უარყოფითი გავლენა”, – განაცხადა ბელგიის ფინანსთა მინისტრმა სამშაბათს.
ოფიციალური პირების თქმით, ბელგიურ Euroclear-ს „სოლიდური“ აქტივები აქვს რუსეთში, რომლებიც, შესაძლოა, მოსკოვმა ჩაიგდოს ხელში. ეს კი ფინანსურ რისკებს შეუქმნის საკლირინგო სახლს, რასაც ევროპისთვის სერიოზული შედეგები მოჰყვება.
რუსეთის ცენტრალური ბანკისთვის აქტივების ჩამორთმევის ნაცვლად, ევროკავშირის ქვეყნები, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერენ აქტივებზე დარიცხული მოგების გამოყენებას და უკრაინისთვის გადაცემას, ძირი თანხა კი ხელუხლებელი დარჩება.
რუსულ აქტივებზე ოთხი წლის განმავლობაში დარიცხული სარგებელი დაახლოებით 15-17 მილიარდი ევროა.