2023 წლის დეკემბერში იპოთეკური სესხის განაკვეთები შემცირდა. საპროცენტო განაკვეთმა დაიკლო როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში.
ლარში გაცემულ სესხებზე წლიურმა განაკვეთმა 11,56% შეადგინა, ხოლო უცხოურ ვალუტაში – 10%.
პროცენტის შემცირებაზე ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის კლებამ იმოქმედა. შეგახსენებთ, სებ-მა, 2023 წელს ინფლაციის შემცირების კვალდაკვალ, რეფინანსირების განაკვეთი 9,5%-მდე დაწია, რაც საბანკო სესხებზეც აისახა.
როგორც წესი, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ყველაზე დიდ გავლენას იპოთეკურ სესხებზე ახდენს, შესაბამისად, მისი პროცენტიც კლებადია.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი საშუალოვადიან პერიოდში 7%-ს დაუახლოვდება, შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ იპოთეკურ სესხებზე განაკვეთის კლება მომავალშიც გაგრძელდება.
იპოთეკური კრედიტის გაიაფება კი ბუნებრივად გაზრდის მოთხოვნას უძრავ ქონებაზე, რაც მას, დიდი ალბათობით, გაძვირებისკენ უბიძგებს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ უძრავი ქონების ფასის ზრდა მომავალშიც გაგრძელდება.