2023 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ბიზნესკლიმატის ინდექსის გამოთვლის ფარგლებში გამოკითხულმა კომპანიებმა საქმიანობისთვის ხელისშემშლელ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად კვლავაც ფინანსებზე ხელმისაწვდომობა დაასახელეს.
PMC კვლევითმა ცენტრმა გამოჰკითხა BAG-ის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების მმართველი მენეჯერები.
მსხვილი კომპანიების გამოკითხვამ აჩვენა, რომ მდგომარეობა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, ბოლო პერიოდში გაუმჯობესებულია, თუმცა, მათი ბიზნესისთვის მაინც სირთულეს ქმნის.
2023 წლის IV კვარტალში, მათგან, ვინც ბოლო პერიოდში დაფინანსების მოძიება სცადა, 19% აცხადებს, რომ ფინანსებზე წვდომა პრობლემას წარმოადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით შემცირებულია 5%-ით.
2023 წლის IV კვარტალში, დაფინანსების მოძიება სცადა გამოკითხულ კომპანიათა 48%-მა, რაც წინა კვარტალთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია (7%-ით).
გამოკითხული ბიზნესის ფინანსებზე წვდომის მაჩვენებელი
რაც შეეხება ბიზნესის დაფინანსების წყაროებს, 2023 წლის IV კვარტალში, წინა პერიოდების მსგავსად, კომპანიათა უმეტესობის განცხადებით, ისინი ფინანსდებიან ადგილობრივი წყაროებიდან.
ამასთან, იმ კომპანიათა პროცენტული წილი, რომლებიც მხოლოდ უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან, 2023 წლის IV კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, 1%-ით შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ დაფინანსების პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ამ კატეგორიის ბიზნესმა საწყისი კაპიტალის მოძიება სახელმწიფო პროგრამების დახმარებით თუ შეძლო, შემდეგ მას გაფართოებისთვის საბრუნავი კაპიტალის მოძიება უჭირს. აღნიშნულ ეტაპზე მათთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბარიერს საბანკო სესხების მაღალი განაკვეთი და საკრედიტო ინსტიტუტების მკაცრი მოთხოვნები ქმნის.
ბიზნესის წამოსაწყებად, მიმდინარე საქმიანობისათვის (საბრუნავი საშუალებების დაფინანსება) და/ან მისი განვითარებისათვის (ინვესტირება ძირითად აქტივებში, შეძენა/გადაიარაღება) დაფინანსების ძირითად წყაროებს წარმოადგენს: საკუთარი სახსრები, ბანკიდან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან ან სხვა ფინანსური ინსტიტუტიდან აღებული სესხი (კრედიტი), სასაქონლო კრედიტი, გრანტი და ლიზინგი.