საქართველოში ყველაზე მეტს კვლავაც სურსათის შესაძენად, ასევე რესტორნებსა და კაფეებში ხარჯავენ. მესამე ადგილს ტანსაცმელი და აქსესუარები იკავებს. გაწეული ხარჯის მიხედვით, შემდეგ მოდის საწვავი, სამშენებლო მასალები და სასტუმროები.
ასეთია უნაღდო დანახარჯების განაწილება TBC ბანკის არხებში.
ბანკის მონაცემებით, სურსათზე მთლიანი დანახარჯების 28% მოდის. ამ მაჩვენებელმა დეკემბერში მოიმატა (წლიურად +15%), თუმცა, სურსათზე ხარჯების ზრდის ტემპს 2023 წლის დასაწყისიდან კლების ტენდენცია ახასიათებს.
რესტორნები და კაფეები
საქართველოში რესტორნებსა და კაფეებში მთლიანი დანახარჯების 11%-ს ტოვებენ.
2023 წლის დეკემბერში, აღნიშნული ხარჯი, TBC ბანკის არხებით, წლიურად 34%-ით არის გაზრდილი.
2023 წლის დასაწყისიდან ზრდის ტემპი, ამ შემთხვევაშიც, კლებადია.
ტანსაცმელი და აქსესუარები
ტანსაცმელი და აქსესუარები მთლიანი ხარჯის 9%-ს შეადგენს. დეკემბრის მონაცემებით, დანახარჯების წლიური ზრდა 11% იყო. თუმცა, გასული წლის განმავლობაში გახარჯული თანხა მკვეთრად მცირდებოდა.
საწვავი
საწვავზე მთლიანი ხარჯების 6% მოდის. 2023 წლის სექტემბრიდან საწვავზე ფასების ზრდა ხარჯებზეც აისახა. დეკემბერში წლიურმა ზრდამ 16% შეადგინა. მეორე მხრივ, თითოეული ტრანზაქციის თანხა შემცირებას განაგრძობს და ის დეკემბრისთვის 51 ლარს გაუტოლდა.
სამშენებლო მასალები
სამშენებლო მასალებზე საერთო თანხის 5% იხარჯება. აღნიშნული კატეგორიის ხარჯებმა დეკემბერში წლიურად 10%-იანი ზრდა აჩვენა. ზრდის ტემპი აქაც შემცირდა, თუმცა, ისეთი მკვეთრი არ ყოფილა, როგორც მაგალითად, ტანსაცმლის შემთხვევაში.
უფრო მაღალი იყო კლების ტემპი ელექტრონიკის, ავეჯისა და მოწყობილობების დანახარჯებში.
ფარმაცია
ფარმაციაზე დანახარჯების წლიური ზრდის ტემპი დეკემბერში 9% იყო, ხოლო პირად ჰიგიენაზე 13%-ს შეადგენდა.