ნავთობის ფასი 2%-ზე მეტად გაიზარდა შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის მიერ იემენში ჰუთების სამხედრო ობიექტების დაბომბვის შედეგად.
Brent-ის ნავთობის ფიუჩერსები $1,53-ით, $78,94 -მდე გაძვირდა, ხოლო WTI-ის ფიუჩერსების ფასი 2,1%-ით გაიზარდა და $73,55 შეადგინა.
ჰუთების დაჯგუფების წინააღმდეგ აშშ და ბრიტანეთი სამხედრო ოპერაციას გასული წლის ბოლოდან აწარმოებენ წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმების საპასუხოდ. ამჯერად დარტყმები ყველაზე ძლიერი იყო. იემენში დაადასტურეს, რომ აფეთქებები განხორციელდა მთელ ქვეყანაში.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ „მიზანმიმართული დარტყმები“ არის მკაფიო გზავნილი, რომ შეერთებული შტატები და მისი პარტნიორები არ მოითმენენ თავდასხმებს მის პერსონალზე და არ დაუშვებენ, რომ „საფრთხე შეუქმნან ნავიგაციის თავისუფლებას”.
ჰუთების თავდასხმებმა წითელ ზღვაში შეაფერხა საერთაშორისო ვაჭრობა ევროპასა და აზიას შორის არსებულ მთავარ მარშრუტზე, სადაც მსოფლიო საზღვაო ტრაფიკის დაახლოებით 15% ხორციელდება.