2023 წლის დეკემბერში ბაზარზე ოქროს ფასმა 1.3%-ით მოიმატა, ხოლო წლიურად 13.1%-ით გაძვირდა, რაც პირველი წლიური მატებაა ბოლო სამი წლის განმავლობაში. დეკემბრის 20 სავაჭრო სესიიდან 18-ჯერ ოქროს ფასმა $2,000-ს გადააჭარბა.
Galt&Taggart-ის ანალიტიკოსების თქმით, 2024 წლისთვის ოქროს კიდევ უფრო მეტად გაძვირების პოტენციალი აქვს,
სპეციალისტების შეფასებით, გაძვირების ალბათობას ზრდის ცენტრალური ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების მოსალოდნელი კლება, რაც ძირითადად განვითარებული ქვეყნებშია ნავარაუდევი.
„მთავარი როლი ამ შემთხვევაში ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელმა ჯერომ პაუელმა უნდა ითამაშოს – აშშ-ში შემცირებული ინფლაციის ფონზე ერთი წლის პერიოდში საპროცენტო განაკვეთის 1.5 %-ით შემცირებაა მოსალოდნელი”, – აღნიშნულია Galt&Taggart-ის მიმოხილვაში.
მათივე თქმით, ოქროს გაძვირების კიდევ ერთი არგუმენტი არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საცალო მომხმარებლის – ინდოეთის დიდი მოთხოვნა ოქროზე.
გარდა ამისა, აღსანიშნავია ცენტრალური ბანკების გაზრდილი მოთხოვნა (რისი მიზანიც რეზერვების დივერსიფიკაციაა) და შემცირებული მოპოვება, რაც, სავარაუდოდ, 2024 წელს ოქროს ფასზე ზრდის მიმართულებით აისახება.
ოქროს ექსპორტი საქართველოდან
საქსტატის თანახმად, 2023 წლის 11 თვეში, ოქროს ექსპორტის ღირებულება წლიურად 6.6%-ით
გაიზარდა. ზრდა ფასების მატებითაა გამოწვეული, რადგან ექსპორტის მოცულობა უცვლელია
და 2.46 ტონას შეადგენს.