მსოფლიო ბანკის შეფასებით, გლობალური ეკონომიკის ზრდის ტემპი შენელებულია. ამის შესახებ იანვრის თვის ანგარიშში არის აღნიშნული.
ბანკის ანალიტიკოსები მიმდინარე წელს გლობალური ეკონომიკის მხოლოდ 2.4%-ით ზრდას ვარაუდობენ და აღნიშნავენ, რომ ეკონომიკის შენელების მთავარი ფაქტორი მაღალი საპროცენტო განაკვეთებია.
პროგნოზის თანახმად, შემცირებული დარჩება გლობალური ვაჭრობა და ინვესტიციები უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტების გამო.
როგორც შეფასებიდან ჩანს, მიმდინარე წელს გლობალურ ეკონომიკას ზრდის ყველაზე ნელ ტემპი ექნება პანდემიის შემდეგ.
„მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპი წელს, ზედიზედ მესამე წელიწადს, შენელებული იქნება და 2.4%-მდე დაეცემა, რაც თითქმის 0.75%-ით დაბალია 2010-იანი წლების საშუალო მაჩვენებელზე“, – აღნიშნულია მიმოხილვაში.
მსოფლიო ბანკი ასევე აღნიშნავს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა ახლა უკეთესია, ვიდრე ერთი წლის წინ, რადგან რეცესიის რისკი შემცირდა და ეს ძირითადად, აშშ-ის ეკონომიკის სტაბილურობამ განაპირობა. თუმცა, გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ შეიძლება, უახლოეს მომავალში გლობალური ეკონომიკისთვის ახალი საფრთხეები შექმნას.
მსოფლიო ბანკმა აშშ-ის მშპ-ის ზრდის პროგნოზი 2024 წლისთვის 1,6%-მდე გაზარდა 0,8%-დან.
ევროზონის ეკონომიკა 2023 წელს 0,4%-იან ზრდას აჩვენებს, ხოლო 2024 წელს 0,7%-ით გაიზრდება (ადრე მოსალოდნელი 1,3%-ის ნაცვლად).
ჩინეთის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2023 წელს 5,2%-მდე შემცირდა 5,6%-დან, 2024 წელს 4,5% იქნება 4,6%-ის ნაცვლად.
ხოლო განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ეკონომიკა მიმდინარე წელს 4%-ით გაიზრდება.
რაც შეეხება 2025 წელს, მსოფლიო ბანკი 1,7%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება აშშ-ში, ევროზონის ქვეყნებში – 1,6%-ს, ხოლო ჩინეთის მშპ 4,3%-ით გაიზრდება.
მსოფლიო ბანკის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ინფლაციის მაჩვენებლები წელს და გაისად შემცირდება, მაგრამ 2024 წლის ბოლომდე პანდემიამდე არსებულ დონეზე მაღალი დარჩება.