აშშ-ის დაზვერვის სამსახური ვარაუდობს, რომ Nord Stream-ის გაზსადენები სექტემბერში პროუკრაინულმა ჯგუფმა ააფეთქა. დივერსანტები, სავარაუდოდ, უკრაინის ან რუსეთის მოქალაქეები იყვნენ, ან ჯგუფში ორივე ეროვნების პირები შედიოდნენ. თუმცა, დაზვერვის სამსახურს ამის დამადასტურებელი სამხილები არ წარმოუდგენია. როგორც New York Times წერს, აშშ-ის დაზვერვა არ აკონკრეტებს ჯგუფის წევრების ვინაობას, ვინ ხელმძღვანელობდა მათ ან ოპერაციას ვინ აფინანსებდა.
დივერსანტების ექვსკაციანმა ჯგუფმა, ყალბი პასპორტებით გემი საპორტო ქალაქ როსტოკში დაიქირავა. ჯგუფში ორი მყვინთავი, ორი ასისტენტი, კაპიტანი და ექიმი შედიოდა. მათ ნავი დატვირთეს ასაფეთქებელი ნივთიერებებით, რომლებიც შემდეგ მილსადენზე მიამაგრეს.
დივერსიული ოპერაციისთვის გამოყენებული ნავის იდენტიფიცირება გერმანიის საგამოძიებო სამსახურმა შეძლო. გემი პოლონურ კომპანიას ეკუთვნოდა, რომელსაც ორი უკრაინელი ფლობდა.
შეერთებულმა შტატებმა და NATO-მ მილსადენზე თავდასხმას „დივერსიის აქტი” უწოდეს. მოსკოვი აფეთქების მოწყობაში დასავლეთს ადანაშაულებს. თუმცა, მტკიცებულებები არცერთ მხარეს არ წარმოუდგენია.
ვოლოდიმერ ზელენსკის მთავარმა თანაშემწემ მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ კიევს აფეთქებასთან კავშირი არ აქვს.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა აღნიშნა, რომ პროუკრაინული ჯგუფის მიერ განხორციელებული ნებისმიერი თავდასხმა არ ნიშნავს იმას, რომ ის კიევიდან იყო შეკვეთილი. პისტორიუსის თქმით, ეს შეიძლება იყოს ყალბი ოპერაცია, მისი ნამდვილი ავტორის შენიღბვისთვის.
გამოძიებას დანია და შვედეთიც აწარმოებენ, რადგან აფეთქება შვედეთისა და დანიის კუთვნილ ეკონომიკურ ზონაში მოხდა.
აფეთქებები რუსეთ-გერმანიის დამაკავშირებელ მილსადენებზე Nord Stream1-სა და Nord Stream-ზე 2 შარშან 26 სექტემბერს განხორციელდა. ამ გაზსადენებით ბუნებრივი აირის მიწოდება რუსეთს აფეთქებამდე შეჩერებული ჰქონდა. Nord Stream 1 რუსეთმა 2022 წლის წლის აგვისტოში გადაკეტა და განაცხადა, რომ მას შეკეთება სჭირდება. ხოლო Nord Stream 2 ექსპლუატაციაში არ ყოფილა შესული.
როგორც ცნობილია, ევროპამ უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ მკვეთრად შეამცირა რუსეთიდან ენერგორესურსების იმპორტი. მოსკოვმა ამ კვირაში მოუწოდა ყველა დაინტერესებულ მხარეს მილსადენთან დაკავშირებული საკითხები დროულად მოაგვარონ.