კრიპტობირჟა Binance-მა რუსეთის მოქალაქეებს მიმართა, მათი თანხები სრულად გაიტანონ და დახურონ პოზიციები 29 დეკემბრამდე.
ბირჟის ადმინისტრაციამ გაუგზავნა საბოლოო შეტყობინება კლიენტებს, რომლებიც „დროებით ან მუდმივად იმყოფებიან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე“.
Binance მათ ასევე სთხოვს, დაფარონ ყველა დავალიანება და გაიტანონ თანხები CommEX ბირჟაზე ან სხვა კრიპტოპლატფორმაზე.
ბირჟა მათ აფრთხილებს, რომ 2023 წლის 29 დეკემბრიდან ყველა ღია პოზიცია თანდათან დაიხურება.
Binance-მა რუსეთიდან გასვლის შესახებ სექტემბრის ბოლოს განაცხადა. კრიპტობირჟამ ეს გადაწყვეტილება ახსნა იმ ქვეყნების კანონმდებლობის მოთხოვნებით, სადაც კომპანია ოპერირებს.
როგორც ცნობილია, Binance-მა თავისი რუსული აქტივები CommEX-ს მიჰყიდა.
მას შემდეგ, რაც ტრადიციული გადახდის სისტემებისა და ბანკების მეშვეობით რუსეთიდან თანხების გატანა შეიზღუდა, Binance და სხვა კრიპტობირჟები რუბლის დოლარსა და ევროში კონვერტაციისა და უცხოეთში გადარიცხვებისთვის გამოიყენებოდა.
2023 წლის დასაწყისიდან, დასავლეთის ქვეყნების ზეწოლის ფონზე, კრიპტობირჟებმა რუსეთის მოქალაქეებისთვის მომსახურების პირობების გამკაცრება დაიწყეს.