მესაქონლეობის ხელშეწყობის მიზნით, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ცვლილებები შედის. კერძოდ, ამოქმედდება პროგრამის სამი ახალი ქვეკომპონენტი. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა.
მინისტრის თქმით, ცვლილებებმა ქვეყანაში რძის და ხორცის წარმოების ზრდას უნდა შეუწყოს ხელი. ფერმერულ მეურნეობებში უნდა დაინერგოს თანამედროვე სტანდარტები, განხორციელდეს საწარმოო პროცესების მექანიზაცია და ავტომატიზაციისთვის საჭირო დანადგარებითა და მოწყობილობებით აღჭურვა.
პროგრამის ფარგლებში შექმნილი და განახლებული ფერმები უნდა შეესაბამებოდეს ცხოველთა ჯანმრთელობის, წარმოების ჰიგიენისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს.
პროგრამის სამი ქვეკომპონენტი ითვალისწინებს:
-
მაღალპროდუქტიული მერძეული და მეხორცული მიმართულების კომბინირებული და სანაშენე ფერმის (25 სული (ფური) და მეტი) თანადაფინანსებას. ასეთი ფერმების მოწყობისათვის გათვალისწინებულია, თითოეული ფერმისთვის მაქსიმუმ 5 მლნ. ლარამდე სესხის პროცენტის დაფინანსება, 11%-ის ოდენობით. თანადაფინანსება გაგრძელდება 7 წლის განმავლობაში (ნაცვლად 4 წლის).
დახმარების პაკეტი განკუთვნილია ფერმის აშენება-რეკონსტრუქცია/აღჭურვისთვის, ცოცხალი მსხვილფეხა სანაშენე პირუტყვის შესაძენად, საკვებწარმოებისთვის საჭირო ტექნიკის შესაძენად, ფერმის მართვის ელექტრონული სისტემის შეძენა-დანერგვისათვის, რძის გამაციებელი ავზის შეძენისთვის, ჭაბურღილის ან/და შესაბამისი წყალმომარაგების სისტემის მოსაწყობად.
-
სასუქი მსხვილფეხა პირუტყვის სადგომის მოწყობა. აღნიშნული მიმართულებით თანადაფინანსების ფარგლებში, შესაძლებელი იქნება, 1 მლნ. ლარამდე სესხის აღება, რომლის პროცენტის დაფინანსება განხორციელდება 11%-ის ოდენობით, 4 წლის განმავლობაში. ასევე, რძის მწარმოებელი მცირე ფერმერული მეურნეობისათვის გათვალისწინებული იქნება საგრანტო კომპონენტი, 40 ათას ლარამდე და დამატებით 250 ათას ლარამდე სესხის პროცენტის დაფინანსება 11%-ის ოდენობით, 4 წლის განმავლობაში.
პროგრამით გათვალისწინებულია 100 სული და მეტი, მსხვილფეხა პირუტყვის სასუქი სულადობისთვის ფერმის აშენება-სადგომის მოწყობა, რეკონსტრუქცია/აღჭურვა, საკვებწარმოებისთვის საჭირო ტექნიკის შეძენა, ჭაბურღილის ან/და შესაბამისი წყალმომარაგების სისტემის მოწყობა.
-
მსხვილფეხა პირუტყვის მცირე ფერმერული მეურნეობების დაფინანსება. პროგრამა ითვალისწინებს, როგორც საგრანტო, ასევე საკრედიტო შესაძლებლობას. სიახლეა, რომ გრანტის ოდენობა იქნება არაუმეტეს 40 000 ლარი. სესხის მაქსიმალური რაოდენობა თითო ფერმაზე 250 000 ლარია, ხოლო სესხის პროცენტის სუბსიდირება 11%-ს შეადგენს. სესხის პროცენტის თანადაფინანსების ხანგრძლივობაა 4 წელი.
დახმარების პაკეტი განკუთვნილია არაუმეტეს 25 მეწველი ფურისთვის ფერმის აშენება/რეკონსტრუქცია/აღჭურვისთვის, რძის პირველადი დამუშავებისთვის საჭირო აღჭურვილობის შესაძენად.