საჰაერო გადაზიდვები საქართველოში ტვირთების გადაზიდვის ყველაზე ნაკლებად სასურველი საშუალებაა. შესაბამისად, წლების განმავლობაში საჰაერო გადაზიდვებს კლების ტენდენცია ახასიათებდა.
თუმცა, 2023 წელი პოზიტიური იყო საჰაერო ტვირთების ტრანსპორტირების სექტორისთვის. 2023 წლის ცხრა თვეში საჰაერო გზით 13,5 ათასი ტონა ტვირთის გადაზიდვა განხორციელდა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-იანი ზრდაა.
რომელ ქვეყნებში იგზავნება ტვირთები საქართველოდან
TBC Capital-ის მონაცემებით, მთლიანი გადაზიდული ტვირთიდან 1,900 ტონა კარგო ტვირთი იყო, რომელიც საუდის არაბეთში, არაბეთის ემირატებსა და კატარში შესრულდა. ეს სამი ქვეყანა უმსხვილესი დანიშნულების ადგილს წარმოადგენს საქართველოდან გაგზავნილი ტვირთისთვის. მათი წილი მთლიან გადაზიდვებში შესაბამისად, 14%, 11% და 10%-ს შეადგენს.
რაც შეეხება იმპორტირებულ ტვირთებს, საჰაერო გზით კარგო ტვირთების ტრანსპორტირება ძირითადად, არაბეთის ემირატებიდან, ჩინეთიდან და ესპანეთიდან ხორციელდება. მათი წილი მთლიან გადმოზიდვებში შესაბამისად, 23%, 21% და 6%-ს შეადგენს.
2023 წლის ცხრა თვეში მხოლოდ 800 სატვირთო ფრენა შესრულდა, რაც 33%-ით ნაკლებია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კლება, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია ტვირთების გადანაწილებით სატვირთო ფრენებიდან სამგზავრო რეისებზე.