დღეს, 20 დეკემბერს, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.5%-მდე შეამცირა.
შესაბამისად, 200 000-მდე მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება.
2023 წლის 1-ელი ნოემბრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 186,416 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.
186,416 ხელშეკრულებიდან, უმრავლესობა შინამეურნეობებზე გაცემული სესხებია (96%). ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 11.9 მლრდ ლარის მოცულობის სესხებია გაცემული. შინამეურნეობებზე 6.8 მლრდ. ლარის (58%), ხოლო იურიდიულ პირებზე – 5.1 მლრდ. ლარის (42%).
დღესდღეობით, ყველაზე დიდი მოცულობით ბიზნესსესხებია გაცემული – 6.1 მლრდ. ლარი.
იპოთეკური სესხების ჯამური მოცულობა 3.7 მლრდ. ლარს, ხოლო, სამომხმარებლო სესხების კი 2.1 მლრდ. ლარს შეადგენს.
ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების რაოდენობა და
მოცულობა (მლრდ. ლარი)
წლიურად, ყველაზე დიდი ზრდა სამომხმარებლო სესხებში ფიქსირდება (+34%, 1 ნოემბერი, წ.წ.), ბიზნესსესხებისა და იპოთეკური სესხების მოცულობა კი, შესაბამისად, 10%-ით და 14%-ით გაიზარდა ანალოგიურ პერიოდში. ბიზნესსესხის საშუალო მოცულობა 188,445 ლარს, იპოთეკურის 51,323 ლარს და სამომხმარებლო სესხის კი 25,940 ლარს შეადგენს.
2023 წლის ნოემბრის მდგომარეობით, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 15%-ით გაიზარდა და 27 მლრდ. ლარს გადააჭარბა. ეს მნიშვნელოვნად ნაკლებია 2016-2022 წლების საშუალო ზრდის მაჩვენებელზე, რაც 25%-ს შეადგენდა.
ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ეროვნულ ვალუტაში ჯამურად გაცემული სესხების 43%-ს შეადგენს.
1 ნოემბრის მონაცემებით ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების საშუალო
საპროცენტო განაკვეთმა 16.7% შეადგინა, რაც დაახლოებით 0.4%-ით ნაკლებია წლის
დასაწყისში არსებულ მაჩვენებელზე (17.1%).
ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკების აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება დაკავშირებულია ინფლაციის მკვეთრ შემცირებასთან. თუმცა, მიაჩნია, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების ტენდენცია ზედმეტად ფრთხილი იყო წინა პერიოდში და არასაკმარისი სამომავლო რეცესიის საფრთხის გათვალისწინებით.
ორგანიზაციის შეფასებით, ინფლაციის არსებული მაჩვენებლის შენარჩუნების პირობებში რეფინანსირების განაკვეთის შემცირება მომავალ წელსაც გაგრძელდება.