The Economist-მა გამოაქვეყნა ქვეყნების რეიტინგი, რომლებმაც 2023 წელს ეკონომიკურ წარმატებას მიაღწიეს. რეიტინგის პირველ ნომრად გამოცემამ საბერძნეთი დაასახელა. სამხრეთ კორეა და შეერთებული შტატები სამეულში მოხვდნენ.
The Economist-მა ხუთი ეკონომიკური და ფინანსური მაჩვენებელი გაანალიზა. ესენია: ინფლაცია, „ინფლაციის დიაპაზონი“, მთლიანი შიდა პროდუქტი, სამუშაო ადგილები და საფონდო ბირჟის მაჩვენებლები. სულ რეიტინგისთვის 35 ქვეყნის მონაცემები დაჯამდა.
საბერძნეთი ზედიზედ მეორე წელია პირველ ადგილს იკავებს და როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს „წარმატებული შედეგია იმ ეკონომიკისთვის, რომელიც ბოლო დრომდე არასწორი მენეჯმენტის სინონიმი იყო“.
საბერძნეთის საფონდო ბირჟის რეალური ღირებულება 40%-ზე მეტად გაიზარდა. ინვესტორებმა ახალი თვალით შეხედეს ბერძნულ კომპანიებს მას შემდეგ, რაც მთავრობა საბაზრო რეფორმების სერიას ახორციელებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომელიც ოდესღაც საბერძნეთის მთავარი კრიტიკოსი იყო, ახლა აქებს ქვეყნის „ეკონომიკის ციფრულ ტრანსფორმაციას“ და „მზარდ” საბაზრო კონკურენციას.
სამხრეთ კორეას და აშშ-ის შემდეგ რეიტინგში კანადა და ჩილე არიან.
ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები, მათ შორის, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, შვედეთი და ფინეთი, შედარებით ქვედა საფეხურებზე არიან.
The Economist აღნიშნავს, რომ 2023 წლის მთავარი გამოწვევა ინფლაციასთან ბრძოლა იყო.
გამოცემის შეფასებით, იაპონია და სამხრეთ კორეა ფასებს დაბალ დონეზე ინარჩუნებენ. შვეიცარიაში ფასები მხოლოდ 1.3%-ით გაიზარდა. თუმცა, ევროპის სხვა ქვეყნებში ბევრი ჯერ კიდევ სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას. უნგრეთში ძირითადი ინფლაცია დაახლოებით 11%-ია წელიწადში. ფინეთი ასევე განიცდის სირთულეებს.
ჩილესა და სამხრეთ კორეის ცენტრალურმა ბანკებმა მკვეთრად გაზარდეს საპროცენტო განაკვეთები 2022 წელს – ბევრ ქვეყანაზე უფრო ადრე, და ახლა სარგებელს იღებენ. სამხრეთ კორეაში ინფლაციის დონე 73%-დან 60%-მდე დაეცა. ასევე მკვეთრად შემცირდა ინფლაცია აშშ-სა და კანადაში.
შემდეგი ორი ინდიკატორი – დასაქმების ზრდა და მშპ, აჩვენებს, რომ 2023 წელს არსად იყო შთამბეჭდავად კარგი მაჩვენებლები. მაგრამ ქვეყნების უმრავლესობამ მშპ ვარდნა აიცილა თავიდან.
The Economist-ს რეიტინგი
ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ირლანდიას ჰქონდა, სადაც მშპ-ის 4,1%-იანი ვარდნა დაფიქსირდა. დიდ ბრიტანეთსა და გერმანიას ასევე ცუდი შედეგები აქვთ. გერმანია ებრძვის ენერგომატარებლების გაძვირებით გამოწვეულ შედეგებს და იმპორტირებული ჩინური ავტომობილების მზარდ კონკურენციას. The Economist აღნიშნავს, რომ გაერთიანებულ სამეფოს კვლავაც უწევს Brexit-ის შედეგებთან გამკლავება.
აშშ-მა პროგრესს მიაღწია როგორც მშპ-ის, ასევე დასაქმების თვალსაზრისით. ქვეყანას ჰქონდა ენერგომატარებლების რეკორდულად მაღალი წარმოება.
დასაქმება გაიზარდა კანადაშიც.
ჰამასთან ომის მიუხედავად, ისრაელი, რომელიც შეერთებულ შტატებს თავის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად თვლის, საერთო ჯამში, მეოთხე ადგილზეა.