ხავიერ მილეი ამბობს, რომ არგენტინის ეკონომიკის შოკურ მკურნალობას იწყებს.
არგენტინის ახალმა ულტრამემარჯვენე პრეზიდენტმა, თავის ინაუგურაციაზე, რომელიც ბუენოს აირესში 10 დეკემბერს გაიმართა, პირობა დადო, რომ ეკონომიკის გასაჯანსაღებლად შოკურ თერაპიას მიმართავს.
ხავიერ მილეიმ არგენტინელები გააფრთხილა, რომ „ფული არ არის” და ეკონომიკის გასაჯანსაღებლად მკაცრი ზომების მიღება მოუწევს.
მილეიმ ნოემბერში არგენტინის საპრეზიდენტო არჩევნებში მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვა. ის მოვიდა დაპირებით, რომ გარდაქმნის რეცესიაში მყოფ ეკონომიკას.
პრეზიდენტმა თქვა, რომ მკვეთრად შეკვეცავს ხარჯებს, რათა შემცირდეს უზარმაზარი სახელმწიფო ვალები და ინფლაცია, რომელიც ახლა 140%-ზე მაღალია.
„არ არსებობს სიმკაცრის ალტერნატივა და არ არსებობს შოკური მკურნალობის ალტერნატივა. ჩვენ ვიცით, რომ მოკლევადიან პერიოდში სიტუაცია გაუარესდება, მაგრამ შემდეგ დავინახავთ ჩვენი ძალისხმევის შედეგს”, – განაცხადა მილეიმ.
მილეის მემარჯვენე მიზნები აქვს, რომელიც მოიცავს აბორტის შეზღუდვას, იარაღის შესახებ კანონების ლიბერალიზაციას და კლიმატის ცვლილების უარყოფას.
საარჩევნო კამპანიის დროს მან თქვა, რომ შეცვლიდა არგენტინის ვალუტას დოლარით და გააუქმებდა ქვეყნის ცენტრალურ ბანკს არაერთ სამთავრობო დეპარტამენტთან ერთად.
ახალმა პრეზიდენტმა ბოლო დაპირება უკვე შეასრულა და დეპარტამენტების რაოდენობა 18-დან 9-მდე შეამცირა.
პესო, არგენტინის ეროვნული ვალუტა, ახლა თავისუფალ ვარდნაშია. ქვეყანაში სიღარიბის დონე 40%-მდე გაიზარდა და სავალუტო ფონდის მონაცემებით, ეკონომიკა ღრმა რეცესიაშია.
ვარაუდობენ, რომ მილეის, თავისი გეგმის განხორცილებისას, წინააღმდეგობა შეხვდება არგენტინის კონგრესში, სადაც მისი მემარჯვენე პარტია უმცირესობაშია.