FAO-ის (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) ანგარიშის მიხედვით, სურსათის მსოფლიო ფასები ნოემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10,7%-ით შემცირდა.
ორგანიზაციის სტატისტიკის თანახმად, ოქტომბერთან შედარებით, ფასები არ შეცვლილა.
ნოემბერში ფასების მსოფლიო ინდექსი 120,4 ქულას შეადგენდა.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაიაფება მარცვლეულზე ფიქსირდება.
მარცვლეულის ფასების ინდექსი ოქტომბრის მაჩვენებელზე 3%-ით და გასული წლის რეკორდულ მაჩვენებელზე 19,4%-ით დაბალია.
ერთი თვის განმავლობაში ყველაზე მეტად საკვები მარცვლეულის ღირებულება დაეცა 5,6%-ით, რაც, პირველ რიგში, სიმინდზე ფასების მკვეთრმა ვარდნამ გამოიწვია.
ქერის ფასები დაეცა, სორგოზე კი ოდნავ მოიმატა.
ნოემბერში ხორბლის საერთაშორისო ფასებიც შემცირდა 2,4%-ით, რაც ძირითადად გამოწვეული იყო არგენტინასა და ავსტრალიაში სეზონური მიწოდების გაზრდითა და მაღალი მოსავლიანობით.
ბრინჯის ფასის ინდექსი ნოემბერში სტაბილურად შენარჩუნდა.
ზეთის ფასის ინდექსი, სამთვიანი კლების შემდეგ, ოქტომბერთან შედარებით, 3,4%-ით გაიზარდა. ეს გამოწვეულია მზესუმზირას და პალმის ზეთზე ფასების ზრდით.
ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, რძის პროდუქტების ფასების ინდექსი 2,2%-ით გაიზარდა. წლიური მაჩვენებელი კი 16,9%-ით არის შემცირებული.
როგორც FAO -ის შეფასებაში წერია, ნოემბერში დაფიქსირდა კარაქისა და უცხიმო რძის ფხვნილის მსოფლიო ფასების ზრდა, რაც ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიდან მოთხოვნის მომატებას, მარაგების კლებას და დასავლეთ ევროპაში ზამთრის არდადეგების წინ მოთხოვნის ზრდას უკავშირდება.
წინა თვეში ხორცის ფასის ინდექსი ოქტომბერთან შედარებით 0,4%-ით, ხოლო გასული წლის ნოემბრის მაჩვენებელზე 2,4%-ით ნაკლები იყო. ეს მაჩვენებლები ასახავს ფრინველის, ღორისა და საქონლის ხორცზე ფასების უმნიშვნელო შემცირებას. ცხვრის ხორცზე ფასები ოდნავ გაიზარდა, რასაც ძირითადად ვალუტების კურსის ცვლილებები იწვევდა.
შაქრის ფასებს ინდექსი ნოემბერშ,ი ოქტომბერთან შედარებით, 1,4%-ით, წლიური მაჩვენებელი კი 41,1%-ით გაიზარდა. ზრდა ძირითადად განპირობებულია მთავარ ექსპორტიორ ქვეყნებში – ტაილანდსა და ინდოეთში მოსავლის გაუარესებით.
FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი არის საშუალო შეწონილი ინდიკატორი, რომელიც აჩვენებს საერთაშორისო ფასების დინამიკას საკვები პროდუქტების ხუთი ძირითადი ჯგუფისთვის.