ბუნებრივი აირის ტარიფი არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ქვეყნის რეგიონებთან ერთად, თბილისშიც გაიზრდება.
კომერციული მომხმარებლებისთვის 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ერთი კუბ მეტრი ბუნებრივი აირის საფასური 1.24 ლარის ნაცვლად 1.29 ლარი იქნება, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.
ინფორმაციას გაზის გაძვირების შესახებ კომპანია თბილისი ენერჯი ავრცელებს.
კომპანია განმარტავს, რომ იძულებულია, ტარიფი მომწოდებლების მიერ შესასყიდი აირის გაძვირების გამო დააკორექტიროს.
შპს თბილისი ენერჯი დედაქალაქში ბუნებრივ აირს ნახევარ მილიონზე მეტ აბონენტს აწვდის. მათ შორის 20 000-მდე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელია.
კომპანია განმარტავს, რომ გაზის ტარიფი არ იცვლება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, ერთი კუბ. მეტრი აირის საფასური კვლავ 0.5397 ლარი იქნება.
რამდენიმე დღის წინ სოკარ ჯორჯია გაზმა, საქორგგაზმა და თელავიგაზმა გამოაცხადეს, რომ რეგიონებში კომერციული ობიექტებისთვის გაზის საფასურს აძვირებენ.