მასშტაბური კონტრაბანდა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 74 358 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 370 000 ლარს აღემატება.
სულ წინა თვეში სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 24 ფაქტი გამოვლინდა, რაზეც პასუხისგებაში მიეცა 23 პირი.
მსგავსი შინაარსის ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ყოველთვიურად აქვეყნებს. თვეში საშუალოდ 20-დან 30-მდე ასეთი ფაქტი აღირიცხება. თუმცა, არის თვეები, როცა არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის 100-ზე მეტი მცდელობა ფიქსირდება.
მაგალითად, მიმდინარე წლის ივნისში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის 123 ფაქტი გამოავლინეს. მარტში კი საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანალოგიური დარღვევისთვის 47 პირი დააკავა.
შარშან თამბაქოს ნაწარმის კონტრაბანდამ საქართველოში განსაკუთრებით დიდ მასშტაბს მიაღწია და მხოლოდ 2020 წლის მაჩვენებელს ჩამოუვარდებოდა, როცა რეკორდული რაოდენობის არადეკლარირებული სიგარეტი შემოიტანეს.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოს მასშტაბით სულ ამოღებულია ჯამში 587 655 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.
ეს ოფიციალურად დაფიქსირებული შემთხვევებია, რეალურად კი თამბაქოს ნაწარმის კონტრაბანდული გზით შემოტანის შემთხვევები ბევრად მეტია. არადეკლარირებული პროდუქცია ქვეყანაში ყველა შესაძლო გზით შემოაქვთ, საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით თუ ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე ზონებიდან.
,,სარფი“, ,,ვალე“, „კარწახი“, „ყაზბეგი“, ,,ნინოწმინდა”, „სადახლო“, ,,გუგუთი” და ,,თბილისის აეროპორტი”, ,,ყაზბეგი“ – ეს იმ საბაჟო-გამშვები პუნქტების ჩამონათვალია, საიდანაც არადეკლარირებული თამბაქოს ნაწარმის, მათ შორის ელექტრონული სიგარეტის შემოტანის მცდელობას ყველაზე ხშირად აქვს ადგილი.
აღნიშნულ საქონელს ათავსებენ ავტოსატრანსპორტო საშუალებების წინასწარ მოწყობილ სამალავებსა თუ ხელბარგში. სიგარეტის კოლოფებს კონტრაბანდისტები მალავენ მანქანის ძარაში, საბარგულებში, ავტობუსის კედლებში, გაზზე მომუშავე ავტომანქანების ბუნებრივი აირის ბალონებში.
რამდენიმე თვის წინ სამეგრელოში სამართალდამცავებმა ორი ქალი დააკავეს, რომლებსაც 260 კოლოფი უაქციზო სიგარეტი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან ტორტებით გადმოჰქონდათ.
კონტრაბანდის წილი Nielsen-ის კვლევა
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს უკანონოდ შემოტანილი სიგარეტის ოდენობა შემცირდა წინა წელთან შედარებით, მაგრამ კონტრაბანდის მასშტაბი მაინც მაღალია.
შემცირებას აჩვენებს საერთაშორისო კვლევითი კომპანია Nielsen-ის მიერ ჩატარებული კვლევაც. აღნიშნული კვლევა საქართველოში არაადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილ პროდუქციასთან დაკავშირებულ 2023 წლის პირველი კვარტლის ძირითად ტენდენციებს ასახავს.
კვლევის მიხედვით, საქართველოში არაადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი თამბაქო 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 2023 წლის პირველ კვარტალში 1.3%-ით შემცირდა, ხოლო 2021 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 2.2%-ით არის გაზრდილი.
რეგიონების მიხედვით ყველაზე დიდი მაჩვენებელი ფიქსირდება ზუგდიდში (76%), ახალქალაქსა (37%) და ბათუმში (24.5%)“, – აღნიშნულია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვლევის მონაცემები ემთხვევა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სტატისტიკას, რომლის თანახმად, ბოლო 5 წლის განმავლობაში სამართალდამცავები ყოველწლიურად საშუალოდ 150 000 კოლოფამდე კონტრაბანდულ სიგარეტს უკეთებენ კონფისკაციას. რეგიონებს შორის სამეგრელო ლიდერობს.
ოკუპირებული ტერიტორიები – კონტრაბანდის ძირითადი მარშრუტი
ზუგდიდის ბაზარში აფხაზეთიდან გადმოტანილი სიგარეტის ყველაზე დიდი სავაჭრო ადგილია. უაქციზო სიგარეტი ზუგდიდამდე ოკუპირებული აფხაზეთიდან ძირითადად იქაურ ქალებს გადმოაქვთ. ხშირად კონტრაბანდის ეს გზა მდინარე ენგურზე გადის.
ადგილობრივი გადამზიდავები სიგარეტის აფხაზეთიდან ზუგდიდში გადასატანად მდინარის გაყოლებაზე გადასასვლელად მოსახერხებელ წყალმარჩხ ადგილებს იყენებენ.
ისინი სიგარეტის ბლოკებს ზოგჯერ იქვე, მდინარის პირას ყიდიან რეალიზატორებზე, ან თავადაც ჩააქვთ ზუგდიდის ბაზარში.
ასეთი უაქციზო სიგარეტის ღირებულება აფხაზეთში 50-55 რუბლია, ანუ 1 ლარი და 50 თეთრი. აფხაზეთში თამბაქო რუსეთიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან შედის.
კონტრაბანდული სიგარეტი ბაზარზე ცხინვალის ოკუპირებული ტერიტორიიდანაც ხვდება. ოქტომბრის თვეში კონტრაბანდისთვის დააკავეს აგარის პოლიციის უფროსი სოსო გელაშვილი. მისი სახლიდან დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი ამოიღეს. სავარაუდოდ, ის ამ საქმიანობას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან ერთად ეწეოდა. კონტრაბანდულ სიგარეტს ის ოჯახის კუთვნილ მაღაზიაშიც ყიდდა.
„ის (სოსო გელაშვილ) ოკუპირებულ ტერიტორიასთან ახლოს მყოფი პირია, კავშირები გააჩნია, აქვს ავტორიტეტი, რასაც იყენებდა კონტრაბანდული საქონლის გადმოსატანად”, – განაცხადა საქმის პროკურორმა კონსტანტინე ცაცუამ.
ექსპერტები კონტრაბანდის ორ ძირითად მიზეზზე საუბრობენ – მთავრობის სააქციზო პოლიტიკა და ქვეყანაში არსებული რეგულაციები.
„აქციზის გაზრდამ თამბაქოს ნაწარმის გაძვირება გამოიწვია. ამან სტიმული მისცა მოვაჭრეებს, კომერციულად მიმზიდველი პროდუქტი ქვეყანაში არალეგალურად შემოეტანათ. მაგალითად, ერთი კოლოფი სიგარეტი სომხეთში 1 დოლარით უფრო იაფი ღირს, რაც საკმაოდ დიდი სხვაობაა.
კონტრაბანდას ხელი შეუწყო საზღვრებზე კონტროლის შესუსტებამაც. შედეგად, ბაზარზე არალეგალურად შემოტანილი პროდუქციის ოდენობამ მოიმატა”, – ამბობს BRG-თან საუბრისას ზვიად სხვიტარიძე, ექსპერტი ბიზნესისა და სამართლის საკითხებში.
როგორ უნდა გაუმკლავდეს ქვეყანა მასშტაბურ კონტრაბანდას, რის გამოც ბიუჯეტს მილიონობით ლარი აკლდება?
ზვიად სხვიტარიძე კონტრაბანდის შემცირებისთვის სააქციზო პოლიტიკის გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, პარალელურად უნდა მოხდეს საზღვრებზე კონტროლის გამკაცრებაც.
„აქციზის შემცირება არ მოხდება, რადგან ასეთი ნაბიჯის გადადგმას ყველა ხელისუფლება ერიდება. მაგრამ მომავალში, სულ მცირე, არც აქციზის განაკვეთის გაზრდაც არ უნდა მოხდეს. კონტრაბანდის უფრო ეფექტიანი კონტროლისთვის მაქსიმალურად უნდა გაიზარდოს, როგორც ადამიანური რესურსი, ისე საბაჟო ორგანოების ტექნიკური დაფინანსება.
კონტროლი განსაკუთრებით უნდა გაძლიერდეს ორი მიმართულებით – ოკუპირებული აფხაზეთის და სომხეთის საზღვარზე, რომელიც არალეგალური პროდუქციის შემოსვლის მთავარ არეალს წარმოადგენს”, – აღნიშნავს ზვიად სხვიტარიძე.