Wizz Air დეკემბერში ქუთაისის აეროპორტიდან პირდაპირ ფრენებს დანიის სამეფოში იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
ამასთანავე, უნგრული ავიაკომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული ხომალდების რაოდენობას 1 თვითმფრინავს დაამატებს, რის შემდეგაც მათი რაოდენობა 4-მდე გაიზრდება.
Wizz Air-ს ამჟამად ქუთაისის აეროპორტში სამი A321 ტიპის თვითმფრინავინ ჰყავს, რომლითაც ფრენებს 28 პირდაპირი მიმართულებით 16 ქვეყანაში ასრულებს.
დანიის სამეფოს დედაქალაქის – კოპენჰაგენის მიმართულებით პირდაპირი რეისები 16 დეკემბრიდან კვირაში 2-ჯერ, ორშაბათობით და პარასკევობით შესრულდება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის – ირაკლი ქარქაშაძის თქმით, 2012 წლიდან, Wizz Air-მა საქართველოში ფრენების დაწყებიდან დღემდე 5 მილიონი მგზავრი გადაიყვანა, რაც მნიშვნელოვანი მიღწევა და ავიაკომპანიასთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგია.