დღეს, 20 ნოემბერს, Brent-ის იანვრის ფიუჩერსები ლონდონის ბირჟაზე 0,68%-ით გაძვირდა და ბარელზე $81,16 შეადგინა. პარასკევს Brent-ის ფასი ბარელზე $80,61 იყო.
WTI-ის იანვრის ფიუჩერსები ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე NYMEX-ზე 0,7%-ით, $76,57-მდე გაიზარდა. წინა სესიაზე ბარელი $75,89 ღირდა.
გასული კვირის განმავლობაში Brent-ის ფასი 1%-ით შემცირდა, WTI – 1,7%-ით.
პარასკევს ფასების ზრდა გამოიწვია ინფორმაციამ, რომ OPEC+-მა შესაძლოა ნავთობის მოპოვების შეზღუდვები კიდევ რამდენიმე თვით გაახანგრძლივოს ან კიდევ უფრო შეამციროს საწვავის წარმოება.
ექსპერტები შიშობენ, რომ წარმოების კიდევ უფრო მეტად შეზღუდვა ნავთობის ფიუჩერსების ფასს $100-მდე გაზრდის.
Goldman Sachs-ის ანალიტიკოსების საბაზისო პროგნოზი არის, რომ OPEC+ შემცირებულ წარმოებას 2024 წელსაც შეინარჩუნებს. ხოლო საუდის არაბეთის ცალმხრივი შემცირება, 1 მილიონი ბარელით დღეში, გაგრძელდება მომავალი წლის მეორე კვარტლამდე და თანდათანობით მხოლოდ ივლისიდან შეიცვლება.
ინვესტორები ასევე აკვირდებიან რუსული ნედლი ნავთობით ვაჭრობის შეფერხებას მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა სანქციები დააწესა სამ გემზე, რომლებმაც Sokol-ის ნავთობი ინდოეთში გაგზავნეს.
პარასკევს მოსკოვმა გააუქმა ბენზინის ექსპორტზე აკრძალვა. აღნიშნული მოცულობა შეიძლება დაემატოს საავტომობილო საწვავის გლობალურ მიწოდებას.
ინვესტორები ითვალისწინებენ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებსაც, სადაც აშშ-ისა და ისრაელის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ შეთანხმება მძევლების გათავისუფლების შესახებ, სასტიკი ბრძოლების მიუხედავად, ახლოვდება.