საქართველოში ეკონომიკის ზრდა შენელდა, ნათქვამია PMCG-ის მიმოხილვაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ეკონომიკა 2023 წელს აგრძელებს სვლას აღმავალი ტრაექტორიით, თუმცა წინა ორ წელთან შედარებით, უფრო ნელი ტემპით.
რატომ შენელდა ეკონომიკა
ზრდის შენელება განაპირობა რამდენიმე ფაქტორმა:
-
რუსეთთან დაკავშირებული ზოგიერთი ეფექტი მცირდება. რუსეთიდან ფულადი გზავნილების კლება 2023 წლის აპრილში დაიწყო, ხოლო 2023 წლის პირველ 9 თვეში რუსეთთან ვაჭრობის ზრდა მნიშვნელოვნად შემცირდა.
-
2023 წლის პირველ ნახევარში ზოგიერთ სექტორში სუსტი აქტივობა დაფიქსირდა. 2022 წლის პირველ 6 თვესთან შედარებით, რამდენიმე სექტორი გამოირჩეოდა სუსტი დინამიკით, ხოლო ზოგიერთმა სექტორმა ზრდის უფრო ნელი ტემპი აჩვენა.
საქართველოს წამყვან საექსპორტო პროდუქტებზე მოთხოვნამ იკლო. განსაკუთრებით შემცირდა სპილენძის მადნებსა და ფეროშენადნობებზე, რაც უარყოფითად აისახება ექსპორტის ზრდაზე.
ეკონომიკის ზრდა 2023 წლის იანვარ-სექტემბერი
რაც შეეხება ეკონომიკის დადებით ტენდენციებს, მას განაპირობებს შემდეგი ფაქტორები:
-
ინფლაციის მაჩვენებელი მცირდება. 2023 წლის პირველ 9 თვეში მნიშვნელოვნად შემცირდა როგორც მთლიანი, ასევე საბაზო ინფლაცია.
-
ტურიზმის სექტორის დინამიკა გაუმჯობესდა. 2023 წლის პირველ 9 თვეში მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც ტურისტების რაოდენობა, ასევე საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი.
-
მზარდი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები –2023 წლის პირველ 6 თვეში, გასული წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უცხოური ინვესტიციების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.
-
რეკორდულად მაღალი ფულადი გზავნილები –2023 წლის პირველ 6 თვეში, გასული წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეკორდულად მაღალი ფულადი გზავნილები შემოვიდა.
-
პოზიტიური ბიზნეს და ეკონომიკური კლიმატი – 2023 წელს როგორც ბიზნეს, ასევე ეკონომიკური კლიმატი იყო პოზიტიური. ამასთანავე, მოლოდინები პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით გაუმჯობესდა.
გამოწვევები ეკონომიკაში
ქვეყნის წინაშე კვლავაც არაერთი გამოწვევაა. ეკონომიკურ გამოწვევებს ქმნის შემდეგი ფაქტორები:
-
შრომის ბაზრის გამოწვევები – მიუხედავად იმისა, რომ უმუშევრობის დონე მცირდება, მუშახელის დეფიციტი და სპეციალისტების ნაკლებობა კვლავ რჩება საქართველოში ბიზნესისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ხელისშემშლელ ფაქტორად.
-
ემიგრაცია გრძელდება. უახლესი მონაცემების მიხედვით, ემიგრაციის მაჩვენებელი რეკორდულად მაღალია. ამავდროულად, 15+ ასაკის მოსახლეობა 3 მილიონზე ქვემოთ რჩება.
-
გაჩნდა კითხვის ნიშნები ფინანსურ სტაბილურობასთან დაკავშირებით. საქართველოს ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელმა ქმედებებმა გააჩინა კითხვები სებ-ის დამოუკიდებლობასა და ფინანსური სტაბილურობის მომავალთან დაკავშირებით.
პერსპექტივა 2024 წლისთვის
რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივას, PMCG-ის შეფასებით, მაღალი პესიმიზმი და გაურკვევლობა კვლავაც შენარჩუნებულია და ეს განწყობა 2024 წელს საქართველოს და გლობალურ ეკონომიკაში გაიზრდება.
ეკონომიკა უბრუნდება თავის ტრადიციულ, ნელი ზრდის ტემპს და უახლოვდება გლობალურ ეკონომიკურ პერსპექტივას.