საერთაშორისო ფონდ კურაციოს მიერ ჩატარებულმა საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ 2023 წლის პირველ ნახევარში ამბულატორიული და საავადმყოფოების მომსახურების ფასები მკვეთრად არის გაზრდილი.
სამედიცინო პროდუქციაზე, აპარატურასა და მოწყობილობაზე კი 2021 წლის შემდეგ ფასების კლება ფიქსირდება.
განსაკუთრებით გაზრდილია ხარჯები ამბულატორიულ სერვისზე. ინფლაცია ამ მიმართულებით 2016 წლის შემდეგ გაორმაგებულია.
ჯიბიდან გადახდილი თანხები, განსაკუთრებით ამბულატორიულ მედიკამენტებზე, კვლავ პრობლემად რჩება.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდები 2012 წელს არსებული 73.4%-იდან 2022 წელს 41%-მდე არის შემცირებული. რეალურად კი, პაციენტებისთვის ამბულატორიული ხარჯი კვლავაც მძიმე ტვირთია.
კვლევის შედეგების თანახმად, ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფის ფასები 6.9%-ით შემცირდა, ძირითადად სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვე-ჯგუფის ხარჯზე, რომელთა ფასები 2023 წლის ივნისში 17.2%-ით არის დაკლებული.
მედიკამენტების ინფლაცია
პოზიტიურია, რომ ბოლოდროინდელი მონაცემებით, მედიკამენტებზე ფასები შემცირებულია. 2023 წლის ივნისში ფასები 2017 წლის ნიშნულის ქვემოთ ჩამოვიდა.
სამედიცინო პროდუქციის ფასების ზრდის ხანგრძლივი ტენდენციის შემდეგ, 2022 წლიდან ფასების მნიშვნელოვანი კლება შესაძლოა, უკავშირდებოდეს თურქეთიდან პარალელურ იმპორტს.
ამასთანავე, მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ეს შეიძლება ნაწილობრივ უკავშირდებოდეს აშშ დოლართან მიმართებით ლარის კურსის 15%-იან გამყარებას.
ცნობისთვის, საქართველოში რეფერენტული ფასწარმოქმნის სისტემის პირველი ეტაპი 15 თებერვალს ამოქმედდა. იგი მედიკამენტების შერჩეული კატეგორიისთვის დაინერგა, მათ შორის ანტიბიოტიკებისა და სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტებისთვის. სისტემის ფარგლებში მედიკამენტების ჩამონათვალი ეტაპობრივად გაიზარდა მარტსა და მაისში.
საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი კვლავაც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმპორტზე. 2022 წლის განმავლობაში მედიკამენტების იმპორტმა $483.24 მილიონი შეადგინა.
კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ მედიკამენტების შედარებით გაიაფების მიუხედავად, ფარმაცევტული დანახარჯებით გამოწვეული პრობლემები კვლავ აქტუალური რჩება მოსახლეობისთვის.