2022 წლამდე საქართველოში გენერაციის ობიექტების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობდა. მიმდინარე წელს კი ტემპი შენელდა.
2015-დან 2022 წლის ჩათვლით ენერგოსისტემას ჯამურად დაახლოებით 1031 მგვტ სიმძლავრე დაემატა, მათ შორის ორი თბოსადგური და ერთი ქარის სადგური.
სემეკის მონაცემებით, 2022 წელს 26.9 მგვტ სიმძლავრის ახალი ჰიდროსადგურები შევიდა ექსპლუატაციაში, ხოლო 2023 წლის პირველ სამ კვარტალში – მხოლოდ 5.7 მეგავატი.
რა კეთდება განახლებადი ენერგიის გასაზრდელად
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაცემებით, წლის ბოლომდე დაგეგმილია 118 მგვტ სიმძლავრის ჰიდროსადგურების ექსპლუატაციაში მიღება.
განახლებადი სადგურების მშენებლობის მხარდასაჭერად, განახლებადი ენერგიის ობიექტებისთვის სახელმწიფომ მხარდამჭერი მექანიზმები შეიმუშავა – ფასთა სხვაობის ხელშეკრულება CfD (Contracts for difference).
სიმძლავრის პირველი აუქციონის შედეგად CfD ხელშეკრულებები გაფორმდება 296 მგვტ სიმძლავრის სადგურებთან, რომლებიც გარანტირებულად მიიღებენ აუქციონზე დაფიქსირებულ ფასს ენერგიის ერთეულზე.
ეს გულისხმობს, რომ თუ საბითუმო ბაზარზე ფასები უფრო მაღალი იქნება, ისინი ვალდებულნი იქნებიან სხვაობა ბაზრის ოპერატორს აუნაზღაურონ, ხოლო თუ ბაზარზე დაბალი ფასი დაფიქსირდება, მიიღებენ ანაზღაურებას ესკოსგან (ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი).
296 მგვტ სიმძლავრის უზრუნველსაყოფად სიმძლავრის პირველი აუქციონი 2023 წლის დასაწყისში ჩატარდა. მეორე აუქციონი, სავარაუდოდ, 2023 წლის ნოემბერში ჩატარდება.
სიმძლავრის პირველი აუქციონის შედეგად, ყველაზე დაბალი ფასი 5.3 ცენტი/კვტ.სთ-ზე მზის სადგურმა დააფიქსირა, მაქსიმალური ფასი მზის ენერგიაზე კი 5.9 ცენტი იყო (70.1 მგვტ სულ).
სიმძლავრის აუქციონზე სულ 77 მგვტ ქარის ენერგია დაკონტრაქტდა, ფასი კი 5.78-6 ცენტის ფარგლებში იყო. რაც შეეხება ჰიდროპროექტებს, 149.3 მგვტ დაკონტრაქტდა, მინიმალური ფასით 5.9 ცენტი, მაქსიმალურით 6.85 ცენტი.