იტალიასა და ესპანეთში ზეითუნის ზეთზე ფასების ზრდის შედეგად პიცა და პაელა რეკორდულად გაძვირდა.
ევროპაში ინფლაციის შემცირების მიუხედავად, ზეითუნის ზეთის ფასები კვლავ იზრდება, რაც კიდევ გაზრდის იტალიური და ესპანური კერძების ღირებულებას.
ამის შესახებ Bloomberg წერს.
გამოცემამ დათვალა, რამდენი უნდა დახარჯონ პიცასა და პაელას ინგრედიენტებზე იტალიელმა და ესპანელმა ოჯახებმა. გაანგარიშებამ აჩვენა, რომ ფასების ინდექსები სექტემბერში, წინა წელთან შედარებით, გაიზარდა შესაბამისად, 8,2%-ით და 20,6%-ით.
„ეს მნიშვნელოვნად აღემატება ინფლაციის დონეს იტალიაში 5.6%-ს და 3.3%-ს ესპანეთში. ფასმა დაიკლო ფქვილზე, მოცარელასა და ზღვის პროდუქტებზე, მაგრამ იტალიურ და ესპანურ ოჯახებს მეტის გადახდა უწევთ ბოსტნეულში“, – ნათქვამია ანგარიშში.
ყველაზე მეტად ამ კერძების ღირებულებაზე ზეითუნის ზეთის გაძვირებამ იმოქმედა. იტალიაში ის 43%-ით გაძვირდა წინა წელთან შედარებით, ესპანეთში კი კიდევ უფრო მეტად – 67%-ით.
ევროკომისიამ გაავრცელა გაფრთხილება, რომ ევროპაში ზეითუნის ზეთის ფასების სწრაფი ზრდა კიდევ ერთი სეზონი გაგრძელდება და მომხმარებელს ურჩია, შეამცირონ საყვარელი პროდუქტის მოხმარება.
ევროპა აწარმოებს მსოფლიოში ზეითუნის ზეთის ⅔-ს და არის უზარმაზარი მომხმარებელი. გასული წლის განმავლობაში ამ პროდუქტის ფასი თითქმის გაორმაგდა, რაც ძირითად მწარმოებელ ქვეყნებში გვალვამ გამოიწვია.
კლიმატის დათბობის გამო იზრდება მავნებლებისა და დაავადებების რიცხვიც.