2024 წლის 1-ელი იანვრიდან კომერციულ ბანკებს უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარი 300 000 ლარამდე ეზრდებათ. ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი.
უფრო კონკრეტულად, ცვლილება გულისხმობს, რომ პირებს, ვისაც 300 000 ლარამდე კრედიტი აქვთ აღებული, ახალი სესხების აღება მხოლოდ იმ ვალუტაში შეეძლებათ, რომელშიც შემოსავალს იღებენ.
სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ეს გადაწყვეტილება დოლარიზაციით გამოწვეული რისკების შერბილების აუცილებლობით ახსნა. მისი თქმით, უკანასკნელ პერიოდში ევროკავშირსა და აშშ-ში გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის გამო, დოლარისა და ევროს სესხებზე განაკვეთები იზრდება, რაც მომხმარებლებისთვის კრედიტებს აძვირებს.
მისი თქმით, ფინანსური ინსტიტუტებისთვის დამატებითი მოთხოვნების დაწესება დოლარიზაციის მაღალი დონით გამოწვეული რისკების შესამცირებლად მიიღო.
„იმ პირებზე, რომელთა ჯამური დავალიანება 300 000 ლარამდე იქნება, უცხოური ვალუტის ახალი სესხი გასცენ მხოლოდ ჰეჯირებული სავალუტო რისკის პირობებში…
სებ-ის მიერ გატარებული ღონისძიებების ფონზე დოლარიზაცია მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ეს უკანასკნელი და მასთან დაკავშირებული სტრუქტურული რისკები ფინანსური სექტორისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.
უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ, უმეტესად ცვლადგანაკვეთიან სესხებს თან ახლავს საპროცენტო და გაცვლითი კურსის რისკები. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით საყურადღებოა უცხოურ ვალუტაში არაჰეჯირებული მსესხებლების მაღალი წილისა და რეგიონის ვალუტების გაცვლითი კურსის გაზრდილი მერყეობის პირობებში.
ამასთან, დოლარიზაციით გამოწვეული სტრუქტურული რისკების მიტიგაციისთვის ეროვნული ბანკი, საბანკო სექტორთან თანამშრომლობით, გრძელვადიან გეგმაზე აქტიურად მუშაობს. შემდგომი ცვლილებების განხორციელებისას, კვლავაც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული საკრედიტო აქტივობაზე შესაძლო გავლენა და მოსახლეობის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა“, – ნათქვამია კომიტეტის გადაწყვეტილებაში.