აშშ-ის ხაზინის მდივანმა ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერა შეერთებული შტატებისა და ევროპისთვის „უმაღლეს პრიორიტეტად” რჩება. ამის შესახებ Reuters წერს.
მისი თქმით, თეთრი სახლის ადმინისტრაცია მზად არის მხარი დაუჭიროს უკრაინას „იმდენ ხანს, რამდენიც მას დასჭირდება” და იბრძოლებს იმისთვის, რომ აშშ-ის კონგრესში უმრავლესობამ დაამტკიცოს ომში მყოფი ქვეყნისთვის „სტაბილური“ და შეუფერხებელი დახმარება.
„ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ უკრაინამ ომი წააგოს ეკონომიკური მიზეზებით, როდესაც მან წარმატების მიღწევის უნარი გამოავლინა ბრძოლის ველზე“, – აღნიშნავს იელენი.
ცოტა ხნის წინ უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერგეი მარჩენკომ თქვა, რომ უკრაინისთვის სულ უფრო რთული ხდება ფინანსური მხარდაჭერის მოპოვება, რადგან ძირითადი დონორი ქვეყნების ყურადღება მოახლოებულ არჩევნებზე გადადის და გეოპოლიტიკური დაძაბულობა იზრდება.
მისის თქმით, უკრაინას დასავლეთისგან ფინანსური დახმარება სჭირდება, რათა 2024 წელს ბიუჯეტის $43 მილიარდის დეფიციტი დაფაროს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ მათ შეუძლიათ მხარი დაუჭირონ როგორც ისრაელს, ასევე უკრაინას.
ბაიდენის ადმინისტრაცია ამზადებს $2 მილიარდის მოცულობის სამხედრო დახმარების პაკეტს უკრაინისა და ისრაელისთვის.