საქართველოს სატელეკომუნიკაციო სექტორის შემოსავალი 2023 წლის პირველ ნახევარში (1H23), წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,18.4%-ით გაიზარდა და 648.4 მლნ ლარი შეადგინა.
Galt&Taggart-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში მოქმედი მობილური ოპერატორების ქსელს 2022-1H23 წლებში 320 ათასი ახალი მომხმარებელი დაემატა, რაც ძირითადად მიგრანტების შემოსვლითა და ტურიზმის აღდგენით იყო გამოწვეული. ჯამში აბონენტების რიცხვი 5,4 მილიონამდე გაიზარდა.
მობილური ოპერატორების შემოსავლები 2021 წლიდან იზრდება, რაც გამოწვეულია აბონენტების ზრდითა და სატარიფო შეზღუდვების მოხსნით 2021 წლის ივლისში.
მობილური მომსახურების ბაზარზე 3 კომპანია მუშაობს:
მაგთი 49.3%-იანი წილით.
სილქნეტი – 34.4%;
სელფი – 16.3%
მობილური ოპერატორების შემოსავლების ზრდის მთავარი მამოძრავებელი ინტერნეტ ტრაფიკია, რომელიც 2019-1H23 წლებში 7-ჯერ გაიზარდა აბონენტების მატებისა და თითო აბონენტის მიერ მეტი მეგაბაიტის გამოყენების გამო.
ფიქსირებულ ფართოზოლოვან ინტერნეტქსელში 2022-1H23 წლების განმავლობაში დამატებით 90 ათასი მომხმარებელი ჩაერთო. აბონენტების მატებას ხელი შეუწყო უძრავი ქონების გაყიდვებისა და ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის ზრდამ რეგიონებში. ზრდა 2023 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა და 1,06 მლნ (+6,4% წ/წ) მომხმარებელს მიაღწია.
კომპანიების შემოსავლები ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტმომსახურებიდან სტაბილურად იზრდებოდა 2018-2022 წლებში, რაც გამოწვეულია აბონენტების მომატებითა და ტარიფების ზრდით.
2022 წელს კომპანიების საერთო შემოსავალი 335.9 მილიონი (28.1%) ლარი იყო.
ამ სეგმენტში ბაზრის წილები ასე ნაწილდება:
მაგთი – 46.7%;
სილქნეტი – 33.7%;
სხვა ოპერატორები – 19.7%
ფასიანი ტელევიზიის აბონენტების რიცხვი 2023 წლის პირველ ნახევარში შემცირდა 0.4%-ით 0.7 მილიონ აბონენტამდე, რაც გამოწვეული იყო მაგთიკომის მიერ 23 იანვრიდან სატელიტური ტელევიზიის გათიშვითა და სტრიმინგ სერვისების მზარდი პოპულარობით. ამის მიუხედავად, ფასიანი ტელევიზიის სეგმენტიდან შემოსავლები კვლავ იზრდება ტარიფების მატებისა და პროვაიდერების მიერ ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურების შეფუთვის წყალობით.
ბაზრის წილები:
მაგთი – 52.5%;
სილქნეტი – 35.8%
2022 წელს ორმა კომპანიამ ამ სერვისით 135.8 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 11.4% ზრდაა.