აგროტურიზმში ჩართული კომპანიები საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდებიან.
აღნიშნული ცვლილება ტურიზმის შესახებ კანონპროექტში შედის.
კანონპროექტის თანახმად, აგროტურისტული და ღვინის ტურისტული სუბიექტების საქმიანობის ფარგლებში პირის მიერ მიღებული შემოსავალი და გაცემული ხელფასი საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება. აღნიშნული შეღავათი შეეხება იმ პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი 700 000 ლარს არ აღემატება.
საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს ამჟამად პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი იხილავს.
კომიტეტის თავმჯდომარის –დავით სონღულაშვილის თქმით, „საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ ღვინის და აგროტურიზმის სტატუსის მქონე პირები, რასაც ერთ-ერთი წამახალისებელი ეფექტი ექნება შესაბამის საქმიანობაში ჩართული პირებისთვის“.