საქართველოს ეროვნული ბანკი ბოლო პერიოდში მაღალ თანამდებობაზე მომუშავე თანამშრომლების მიერ სამსახურის დატოვების მიზეზს განმარტავს.
სებ-ი თანამშრომელთა გადინებას მაღალი კონკურენციით ხსნის.
„ეროვნულ ბანკში მაღალკვალიფიციური თანამშრომლები მუშაობენ და საკადრო თვალსაზრისით ბანკი კონკურენციაშია შესული მსოფლიოს წამყვან საფინანსო ინსტიტუტებთან, სადაც ანაზღაურება ზოგიერთ შემთხვევაში 5-ჯერ და მეტად მაღალია.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2022 წელს ეროვნული ბანკის 40-მდე თანამშრომელი საერთაშორისო და ადგილობრივი კერძო სექტორის წამყვან კომპანიებში დასაქმდა და მენეჯერულ პოზიციებზე გააგრძელეს საქმიანობა…
ცნობისთვის, თანამშრომელთა გადინების წლევანდელი მაჩვენებელი შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაბალია”, – აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.
ნათია თურნავას გადაწყვეტილების შემდეგ ეროვნულ ბანკში თანამდებობა დატოვეს:
- საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის მარეგულირებელი პოლიტიკის განვითარების განყოფილების უფროსმა ეკა ბერიანიძემ;
- იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა თამარ ქუსიკაშვილმა;
- ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმა გვანცა ცქიტიშვილმა.
უფრო ადრე, 20 სექტემბერს, ნათია თურნავას გადაწყვეტილების მეორე დღეს, თანამდებობა დატოვეს ბანკის სამივე ვიცე-პრეზიდენტმა და ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა.