7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმის ორგანიზატორად და ინსპირატორად, ორგანიზაციის სამხედრო მიმართულების მეთაური მუჰამად დეიფი ითვლება. მას რაკეტების და მიწისქვეშა გვირაბის სისტემის შემქმნელს უწოდებენ.
ვინ არის მუჰამად დეიფი?
მის შესახებ მედიისთვის ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი.
ითვლება, რომ მუჰამად დეიფი ჰამასის წევრი მისი შექმნის პირველივე წლებში გახდა (დაარსდა 1987 წელს). მაშინ ის 20 წელზე ცოტა მეტის იყო.
დეიფი 1965 წელს ქალაქ ხან იუნისში ლტოლვილთა ბანაკში დაიბადა. მისი ნამდვილი სახელია მუჰამად დიაბ იბრაჰიმ ალ–მასრი.
როგორც Financial Times წერს, დეიფის მამა და ბიძა მონაწილეობდნენ ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმებში დაახლოებით იმავე ტერიტორიაზე, რომელსაც თავს 7 ოქტომბერს დაესხნენ.
დეიფი მისი მეტსახელია, რაც არაბულად ნიშნავს „სტუმარს”. ეს სახელი მას იმის გამო დაარქვეს, რომ მუდმივად იცვლიდა ღამის გასათევ ადგილს ისრაელის სადაზვერვო სამსახურებისგან დასამალად.
1980-იან წლებში ის ღაზას ისლამურ უნივერსიტეტში სწავლობდა. პარალელურად, მან დააარსა თეატრალური დასი „დაბრუნებულები“ (სახელი არის მინიშნება პალესტინელი ლტოლვილების სურვილზე, დაბრუნებულიყვნენ თავიანთ მიწებზე).
ჰამასში გაწევრიანების შემდეგ, როგორც ამბობენ, მან გამოიყენა თავისი სამსახიობო უნარები პროპაგანდისტულ ვიდეოებში.1990 წელს ის ისრაელის ხელისუფლებამ დააკავა, მაგრამ მოგვიანებით გაათავისუფლეს.
დეიფი, როგორც The Washington Post წერდა, „მალევე გახდა ცნობილი მისი ნებისყოფით და იარაღის კარგად ცოდნით”.
ის იყო ტერორისტი იაჰია აიაშის მოსწავლე, რომლის მეტსახელი იყო „ინჟინერი”, რომელიც ბომბების დამზადების სპეციალისტი იყო. 1990-იანი წლების შუა პერიოდში ისრაელის ავტობუსებზე თავდასხმების სერია მის მიერ იყო მოწყობილი. 1996 წელს აიაში მოკლეს. ტერორისტული აქტები დეიფმა გააგრძელა.
მუჰამად დეიფმა 2000-იანი წლების დასაწყისში მოუწოდა მხარდამჭერებს, „ებრძოლონ ისრაელელებს ისრაელის შიგნით“ და „არ ჰქონდეთ ფანტაზია, რომ შეუძლიათ უსაფრთხოდ იცხოვრონ ოკუპირებულ მიწაზე“.
მიწისქვეშა გვირაბების ინჟინერი
„სტუმარს” იმ თვითნაკეთი რაკეტა „ქასამის” შემქმნელსაც უწოდებენ, რომლებსაც ჰამასი ათასობით უშვებს ისრაელისკენ და იწვევს ისრაელის თავდაცვის სისტემის რკინის გუმბათის გადატვირთვას. მისი მოწყობილია ღაზას სექტორში გვირაბების სისტემა, რომელსაც ტერორისტები ისრაელის სადაზვერვო სამსახურებისგან დასამალად იყენებენ.
მედიას მისი მხოლოდ რამდენიმე ფოტო აქვს, რომელთა უმეტესობა რამდენიმე ათეული წლისაა.
ისრაელი მასზე 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან ნადირობს. ცნობილია, რომ მისი მკვლელობა რამდენჯერმე სცადეს, რომელთაგან ბოლო 2021 წლის 11-დღიანი ომის დროს განხორციელდა.
მისი მოკვლის სულ მცირე შვიდი მცდელობაა ცნობილი. მასზე თავდასხმების დეტალების შესახებ განსხვავებული ცნობები არსებობს.
The Times of Israel-ის ცნობით, 2002 წელს ტერორისტმა, ერთ-ერთი ასეთი მცდელობის დროს, თვალი დაკარგა.
2006 წელს დაკარგა ორივე ფეხი და მკლავები. 2014 წელს, დეიფზე თავდასხმისას მოკლეს მისი ცოლი, სამი წლის ქალიშვილი და ჩვილი ვაჟი.
7 ოქტომბერს, მუჰამედ დეიფმა, რომელიც იშვიათად ჩნდება საჯაროდ, გამოაქვეყნა 10-წუთიანი მიმართვა ოპერაცია „ალ-აქსას შტორმის” დაწყების შესახებ, რომელიც ნაწილობრივ ისრაელის მიერ ალ–აქსას მეჩეთის „შეურაცხყოფაზე“ შურისძიება იყო.
მან მოუწოდა პალესტინელებს, ისრაელელ არაბებსა და მეზობელი არაბული ქვეყნების მაცხოვრებლებს, შეუერთდნენ ბრძოლას ისრაელის წინააღმდეგ, „განდევნონ ოკუპანტები და დაანგრიონ კედლები“.
Financial Times-ის ცნობით, დეიფმა ასევე თქვა, რომ ჰამასმა „გადაწყვიტა, დაასრულოს ისრაელის დანაშაულები“ პალესტინელების წინააღმდეგ და „აჩვენოს მტერს, რომ ის ვერ გააგრძელებს თავის თავნებობას ისე, რომ არ აგოს პასუხი“.
გამოცემის წყაროს თქმით, დეიფი წინააღმდეგი იყო ზავის, რომელიც ჰამასმა ისრაელთან ღაზას სექტორის ბლოკადის შემსუბუქებისა და რეგიონის მცხოვრებთათვის სამუშაო ნებართვის გაცემის სანაცვლოდ გააფორმა.
7 ოქტომბერს დაწყებული თავდასხმის შემდეგ, მხარეებს შორის მსგავსი შეთანხმებები აღარ იქნება.