ბევრ ქალაქში პანდემიის შემდეგ დასაქირავებელი საცხოვრებლის დეფიციტი გაჩნდა. მაღალი ინფლაციისა და იპოთეკაზე გაზრდილი პროცენტის გამო ბინის ყიდვისაგან ბევრმა თავი შეიკავა, რაც ქირავნობის ბაზარსაც დაეტყო.
უძრავი ქონების ფირმა Knight Frank–ის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან აგვისტომდე ნიუ-იორკსა და სიდნეიში ქირა საშუალოდ 4.7%-ით და 6.9%-ით გაძვირდა და მისი საშუალო ფასი ყველა დროის მაქსიმალურ დონეზეა.
ზოგიერთ სხვა ქალაქში ქირა კიდევ უფრო სწრაფად იზრდება. მაგალითად, ლონდონში, უძრავი ქონების ქირის საშუალო წლიურმა ზრდამ აპრილში 17%-ს გადააჭარბა და ასევე გაიზარდა აგვისტოშიც, რაც ყველაზე დიდი ნახტომია 2014 წლის შემდეგ.
ეს მაჩვენებელი ბევრად აღემატება როგორც ინფლაციას, ასევე ხელფასების ზრდას გაერთიანებულ სამეფოში. შესაბამისად, ბევრს უჭირს ქირის გადახდა.
უძრავი ქონების ვებსაიტის Realtor.com-ის თანახმად, ბინის ქირაზე ხელმისაწვდომობა ნიუ-იორკში ყველაზე მეტად გაუარესდა.
Realtor.com-ის შეფასებით, ქირის ხარჯი ხელმისაწვდომად ითვლება, თუ ის ოჯახის შემოსავლის არაუმეტეს 30%-ს შეადგენს.
SpareRoom-ის გაქირავების ინდექსის მიხედვით, ლონდონში ბინის საშუალო თვიურმა ქირამ მეორე კვარტალში $1190 -ს მიაღწია, რაც თითქმის 20%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ლონდონში გრძელვადიანი გაქირავებისთვის ადგილების დეფიციტს ადგილობრივი ფაქტორები ამძაფრებს.
2016 წლიდან გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ გაზარდა გადასახადები მეორე სახლის შეძენაზე და შეამცირა გადასახადის ოდენობა, რომელიც შეუძლია უძრავი ქონების მფლობელმა მოითხოვოს. ამიტომ ბევრი ადამიანი ყიდის უძრავ ქონებას და ტოვებს ბაზარს.
საპროცენტო განაკვეთების ზრდამ, ისევე როგორც ხელობისა და მასალების გაზრდილმა ხარჯებმა, ბევრს დაუკარგა გასაქირავებელ ქონებაში ინვესტირებნის ინტერესი.