ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ეკონომიკის ზრდის პარალელურად, რუსეთთან სავაჭრო ბრუნვაც მოიმატებს. მინისტრმა ეს რუსეთთან ეკონომიკური დამოკიდებულების რისკებზე განმარტებისას განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთიდან საქონლის შემოტანისას, სახელმწიფო მოქმედებს პრაგმატულად, რადგან პრიორიტეტი ფასია და საიმპორტო პროდუქტისა თუ სერვისის შერჩევა ამ ნიშნით ხდება.
მინისტრის განმარტებით, რუსული ენერგორესურსების გაზრდილი იმპორტიც ამ პრაგმატულმა მიდგომამ განაპირობა.
„ნაწილობრივ გაზრდილია იმპორტი, იქიდან გამომდინარე, რომ უფრო ხელსაყრელია საქართველოში შემოდიოდეს იაფი ენერგორესურსები, რაც ისევ და ისევ ჩვენი მოსახლეობის ინტერესებში შედის. ამ შემთხვევაში ძალიან პრაგმატული ინტერესები გვამოძრავებს”, – აღნიშნა დავითაშვილმა.
მისი თქმით, 2019 წელთან შედარებით, ზოგიერთი მიმართულებით, რუსეთში ექსპორტი არ გაზრდილა, რადგან რუსეთში არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობაა და მსყიდველობითი უნარი დაცემულია.
„ეკონომიკა გაიზრდება, მათ შორის რუსეთთან სავაჭრო ბრუნვაც გაიზრდება, მაგრამ ჩვენი მთავარი ეკონომიკური პარტნიორი პირველ რიგში ევროკავშირია, შემდეგ მოდის თურქეთი, რუსეთი მესამე ადგილზეა“, – თქვა ლევან დავითაშვილმა.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად კი, რუსეთი საქართველოს მე-2 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.
2023 წლის 8 თვეში რუსეთიდან იმპორტი წლიურად 14.7%-ით გაიზარდა და მთლიანი იმპორტის 12.3% შეადგინა. რუსეთი მეორე უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანაა თურქეთის შემდეგ.
ზრდა ძირითადად ნავთობპროდუქტების იმპორტის ხარჯზეა, რაც შარშანდელ იანვარ-აგვისტოსთან შედარებით, 83%-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება ექსპორტს, ის 15.3%-ით გაზრდილია და $461,4 მილიონს შეადგენს (2022 წლის იანვარ-აგვისტო – $400 მილიონი). რუსეთი საქართველოსთვის სიდიდით მე-2 საექსპორტო ქვეყანაა და მცირედით ჩამორჩება აზერბაიჯანს.