„ევროკავშირი არ ელოდება შეერთებულ შტატებში საბიუჯეტო საკითხების მოგვარებას უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით და ზრდის მხარდაჭერას”, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა გუშინ, კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა .
მან განმარტა, რომ ევროკავშირის დახმარება ფრონტზე ერთდღიან მიღწევებზე არ არის დამოკიდებული, არამედ არის უწყვეტი და სტრუქტურირებული მხარდაჭერა, რადგანაც ევროპას ეგზისტენციალური საფრთხე ემუქრება.
ბორელმა ასევე თქვა, რომ ევროკომისიამ მიმართა წევრ ქვეყნებს უკრაინის დასაფინანსებლად €50 მილიარდის და მისი შეიარაღებული ძალებისთვის დამატებით €20 მილიარდის გამოყოფის თაობაზე.
ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის კონგრესის მიერ დროებით ბიუჯეტში უკრაინის დაფინანსების გაუთვალისწინებლობა არ არის საბოლოო გადაწყვეტილება და უკრაინა შეერთებული შტატების მხარდაჭერას მიიღებს.
„დისკუსია გრძელდება. ყველაფერი ერთად უნდა განიხილებოდეს. მაგრამ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არა მხოლოდ გრძელდება, არამედ იზრდება”, – აღნიშნა ბორელმა.
ევროკომიის უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევე თქვა, რომ უკრაინის მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან „არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ განვითარდება ომი მომდევნო დღეებში ან კვირებში“, რადგან უკრაინელი სამხედროები დიდი გამბედაობით იბრძვიან რუსეთის თავდაცვითი ზღუდეების დასაძლევად, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში 25 კმ სიგანის არის და კონტრშეტევას ძალიან ართულებს.
ბორელი ამბობს, რომ უკრაინელები ბრძოლის ველზე უფრო წარმატებულები რომ ყოფილიყვნენ, მათ უფრო სწრაფად უნდა მიეწოდებინათ უკეთესი იარაღი.
ევროკომიიის პოზიციას უკრაინის დაფინანსების გაზრდასთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის მთავრობაც იზიარებს.
„ახლა უკან არ უნდა დავიხიოთ”, – თქვა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაპსმა უკრაინის მხარდაჭერის შესახებ.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ვერ მოიგებს უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომს, ის ვერ პოულობს გამოსავალს.
„და ჩვენ ამას არ დავუშვებთ… ჩვენ არ უნდა დავიხიოთ”, – თქვა მან.