ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა 45-დღიან ბიუჯეტს, რომლითაც აშშ-მა თავიდან აიცილა მთავრობის მუშაობის შეწყვეტა ე.წ. „შათდაუნი”.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომელიც ფედერალურ ხარჯებს 17 ნოემბრამდე დააფინანსებს. უკრაინის სამხედრო დახმარების თანხები შუალედურ ბიუჯეტში არ შედის.
45-დღიანი ბიუჯეტის პროექტს სენატში 88-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 9- წინააღმდეგი იყო, მათ შორის –რესპუბლიკელი სენატორებიც.
თუ აშშ დროებით ბიუჯეტს არ მიიღებდა, მაშინ 1-ელი ოქტომბრიდან სამთავრობო უწყებები დაფინანსების გარეშე დარჩებოდნენ და მუშაობას შეაჩერებდნენ (გარდა სასწრაფო დახმარებისა).
აშშ-ში შიდა პოლიტიკური კრიზისი საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების ფონზე გაუარესდა. რესპუბლიკელთა ნაწილი მხარს უჭერს ბიუჯეტის ხარჯების, მათ შორის, უკრაინის დახმარების მკვეთრ შემცირებას.
უთანხმოების გამო კონგრესმა ვერ შეძლო მომავალი ფისკალური წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დროულად მიღება, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან უნდა ამოქმედებულიყო.
ამის გამო ქვეყანას მთავრობის მუშაობის შეჩერება ემუქრებოდა. კრიზისის თავიდან ასაცილებლად, კონგრესი დათანხმდა დროებითი ბიუჯეტის მიღებას, რომელშიც მხოლოდ ყველაზე საჭირო ხარჯებია გათვალისწინებული.
რას ნიშნავს ეს უკრაინისთვის?
მიუხედავად იმისა, რომ დროებით ბიუჯეტში უკრაინის სამხედრო დახმარება არ არის გათვალისწინებული, როგორც ბაიდენი, ისე რესპუბლიკელები და დემოკრატები ირწმუნებიან, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ კიევმა საჭირო დახმარება მიიღოს.
„არაფერი ემუქრება იარაღისა და აღჭურვილობის მოწოდებას, რომელიც ადრე იყო დამტკიცებული”, – თქვა უკრაინის ელჩმა შეერთებულ შტატებში ოქსანა მარკაროვამ აშშ-ის მიერ 45 დღიანი დროებითი ბიუჯეტის მიღებასთან დაკავშირებით.
„ბიუჯეტის შუალედური რეზოლუცია მიღებულ იქნა მხოლოდ 45 დღით. ჩვენ ახლა უნდა ავითვისოთ მინიმუმ $1,6 მილიარდი თავდაცვისთვის (PDA) + $1,23 მილიარდი პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება (ეს არის სექტემბრის ტრანში), პლუს მნიშვნელოვანი თანხები ენერგეტიკისა და სხვა პროგრამებისთვის“, – განმარტა ელჩმა.
მისი თქმით, 45-დღიანი ვადის დასრულებამდე მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს უკრაინასთან დაკავშირებით.
სრულფასოვანი ბიუჯეტის დამტკიცება ამ 45 დღის განმავლობაში უნდა მოესწროს. წინააღმდეგ შემთხვევაში მთავრობის „გათიშვის” საფრთხე განმეორდება. ამ ბიუჯეტში წესით უნდა შევიდეს უკრაინის ფინანსური დახმარებაც.