ნავთობის ფასი $95-ს მიუახლოვდა. გაძვირება გლობალური ეკონომიკის მდგომარეობასა და საწვავის მოსალოდნელ დეფიციტს უკავშირდება.
Brent-ის ნოემბრის ფიუჩერსების ფასი ლონდონის ბირჟაზე $94,91 გახდა ბარელზე, რაც $0,95-ით (1,01%) აღემატება წინა სესიის ფასს.
ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე (NYMEX) WTI ნავთობის ფიუჩერსები გაიზარდა $0,96-ით (1,06%) და $91,35 შეადგინა ბარელზე.
ნავთობზე ფასის ზრდას განაპირობებს შიში, რომ მოთხოვნა მნიშვნელოვნად გადააჭარბებს მიწოდებას. ნეგატიური მოლოდინი მას შემდეგ გაძლიერდა, რაც საუდის არაბეთმა და რუსეთმა გააგრძელეს წარმოების ნებაყოფლობითი შემცირება.
ბირჟაზე ფასის ცვლილებებზე გავლენას ახდენს შეერთებულ შტატებში ნავთობის მარაგებიც.
ამერიკის ნავთობის ინსტიტუტის (API) მონაცემებით, გასულ კვირას აშშ-ის ნავთობის მარაგი 1,59 მილიონი ბარელით გაიზარდა.
ამჟამად S&P-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ახალ მონაცემებში, რომელიც დღეს უნდა გამოქვეყნდეს, ნავთობის მარაგები 320 ათასი ბარელით, ბენზინის 120 ათასი ბარელით და დისტილატების 1,3 მილიონი ბარელით შემცირებული იქნება.