მედიამაგნატი რუპერტ მერდოკი Fox Corporation-ისა და News Corp-ის თავმჯდომარის პოსტს დატოვებს. CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 92 წლის მერდოკი თანამდებობას ოფიციალურად ნოემბერში დატოვებს.
ორივე კომპანიას რუპერტ მერდოკის ვაჟი – 52 წლის ლაჩლანი უხელმძღვანელებს. მერდოკ უფროსი თავის წერილში შვილს „პრინციპულ ლიდერს” უწოდებს, რომელიც შეძლებს გაუძღვეს კომპანიებს.
რუპერტ მერდოკმა ასევე დაწერა, რომ მას ამიერიდან Fox Corporation-ისა და News Corp-ის საპატიო წარმომადგენლის ფუნქცია ექნება.
რუპერტ მერდოკი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მედიამაგნატია. მან 1979 წელს დააარსა კორპორაცია News Corp. ხოლო 2013 წელს კორპორაცია ორ ნაწილად დაყო – 21st Century Fox და News Corp. პირველში შედიოდა კინოკომპანია 20th Century Fox და სამაუწყებლო ქსელი Fox, მეორეში – The Times, The Wall Street Journal, გამომცემლობა HarperCollins და სხვები.
მერდოკი 99-ე ადგილს იკავებს Forbes-ის მილიარდერთა სიაში. მისი ქონება $17,3 მილიარდად არის შეფასებული.