აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ვინც ოთარ ფარცხალაძესთან ტრანზაქციებს ახორციელებს, თავს სანქციების რისკის ქვეშ აყენებს.
ამის შესახებ სახდეპის წარმომადგენელმა ფორმულას ვაშინგტონის ბიუროს წერილობით უპასუხა.
„14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ქართველ-რუს ოლიგარქ ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც მუშაობდა FSB-სთან, რათა გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ. მის წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდა ნომერ-14024 აღმასრულებელი ბრძანების შესაბამისად, რომელიც აწესებს სანქციებს რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ, სპეციფიკურ, დამაზიანებელ საქმიანობასთან დაკავშირებით.
ვწუხვართ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ახორციელებენ ტრანზაქციებს ფარცხალაძესთან ან ჩვენს მიერ რუსეთთან დაკავშირებული სანქციების ფარგლებში დასანქცირებულ სხვა პირებთან, საკუთარ თავს სანქციების რისკის ქვეშ აყენებენ.
საქართველოს საბანკო სისტემა იყო ერთ-ერთი საუკეთესო მიღწევა საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში. დამოუკიდებელი ეროვნული ბანკი ნებისმიერი ქვეყნის ჯანსაღი ეკონომიკის ქვაკუთხედია”, – აღნიშნავენ სახდეპში.
14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ფარცხალაძე „ქართველ-რუს ოლიგარქად” არის მოხსენიებული და წერია, რომ რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.
18 სექტემბერს ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა. თუმცა, 19 სექტემბერს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, მას გამონაკლისის სახით, ანგარიშებზე წვდომა აღუდგინა.
ფარცხალაძეს რუსეთის მოქალაქეობა აქვს მიღებული. საქართველოში არსებული კანონმდებლობის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, მას ავტომატურად უნდა დაეკარგა საქართველოს მოქალაქეობა.
იუსტიციის სამინისტრომ გუშინ საღამოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ უწყებაში შემავალმა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა.
უწყება აცხადებს, რომ დასკვნა ხელმოსაწერად გადაგზავნილია საქართველოს პრეზიდენტთან.