საქართველოს საბანკო სექტორის ორი ლიდერი ბანკი – თიბისი და საქართველოს ბანკი აცხადებენ, რომ აგრძელებენ აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ შემოღებული სანქციების მოთხოვნების დაცვას.
კომერციული ბანკების ინფორმაციით, ისინი არ აპირებენ, რაიმე გამონაკლისი დაუშვან იმ ადამიანებზე, რომლებზეც საერთაშორისო სანქციები ვრცელდება.
კომერციული ბანკების მიერ სანქციების გვერდის ავლის რისკი მას შემდეგ გაჩნდა, რაც გუშინ, 19 სექტემბერს, ეროვნულმა ბანკმა კანონში ცვლილება განახორციელა და გამონაკლისის სახით საბანკო ანგარიშებზე წვდომა დაუშვა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებზეც ქართულ სასამართლოს შესაბამისი გამამტყუნებელი განაჩენი არ აქვს მიღებული.
ეროვნული ბანკის მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში საბანკო სექტორში პრობლემების დაწყების საფრთხე გააჩინა, რაც იმ შემთხვევაში შეიქმნება, თუ სებ-ის გადაწყვეტილებას გაიზიარებენ და სანქცირებული პირებისთვის გამონაკლისს დაუშვებენ.
ბანკების მომხმარებელთა ნაწილი ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება, საფრთხის ქვეშ დააყენოს მათი საბანკო ანაბრები და ასევე გაჩნდეს ლარის გაუფასურების რისკი.