კოსმოსური რბოლა, რომელშიც ჩაბმულია აშშ, რუსეთი, ინდოეთი და იაპონია, შეიძლება, ძვირფასი რესურსებისთვის ნამდვილ ბრძოლად გადაიქცეს და კოსმოსურ კონფლიქტში გადაიზარდოს.
ერთმანეთის მიყოლებით განხორციელებული მთვარის მისიები აჩვენებს, რომ იწყება ახალი კოსმოსური ერა, უფრო მეტი მონაწილით, რომლებსაც მნიშვნელოვანი ფინანსურ გათვლები აქვთ.
ინდოეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც 23 აგვისტოს თავისი კოსმოსური ხომალდი Chandrayaan-3 მთვარის სამხრეთ პოლუსთან დაუშვა. ეს ისტორიული გამარჯვება იყო ინდოეთის ამბიციური, დაბალფასიანი კოსმოსური პროგრამისთვის.
რამდენიმე დღით ადრე რუსეთის კოსმოსური აპარატი Luna 25 მთვარეზე ჩამოვარდა.
სხვა ქვეყნებიც წლების განმავლობაში ცდილობენ მთვარეზე უპილოტო აპარატების დაშვებას და ზოგიერთი ამას წარმატებით ახერხებდა, როგორც ეს ჩინეთმა გააკეთა 2019 წელს. მთვარეზე თავისი „მთვარის სნაიპერი“ იაპონიამაც გაგზავნა. მას სურს, გახდეს მეხუთე ქვეყანა, რომელიც მთვარის ზედაპირამდე მიაღწევს.
ამდენი ქვეყანა იბრძვის კოსმოსში ადგილის მოსაპოვებლად და ეს ახალი კოსმოსური რბოლა რეალურად არის ბრძოლა რესურსებისთვის და არა პრესტიჟისთვის.
რას ეძებენ მთვარეზე
ეს ქვეყნები მთვარეზე მიდიან წყლის სავარაუდო არსებობის გამო. თუ მთვარეზე წყალი საკმარისი რაოდენობითაა, ეს ნიშნავს, რომ იქ შეიძლება არსებობდეს წყალბადის და ჟანგბადის პოტენციალი.
ამ მხრივ ყველაზე საინტერესო ადგილი მთვარეზე სამხრეთ პოლუსია. სამხრეთ პოლუსთან ახლოს მდებარე კრატერები მუდმივ ჩრდილშია. ექსპერტები ფიქრობენ, რომ სწორედ იქ შეიძლება იყოს გაყინული წყალი.
დღეს ინდოეთის, აშშ-ის, რუსეთის, ჩინეთისა და სხვა ქვეყნების ინტერესს წარმოადგენს წყალი, რომელიც სიცოცხლის შენარჩუნებისთვის აუცილებელია. ამ ქვეყნების გეგმა არის მთვარეზე ხალხის დიდი ხნით გაგზავნა და ამისათვის მათ წყალი უნდა ჰქონდეთ. რადგან წყლის კოსმოსში გატანა ძვირი ჯდება, ამიტომ მთვარეზე წყლის პოვნა და მასზე წვდომა მოხსნის ყველა პრობლემას.
რესურსები მთვარეზე
მთვარეზე არის რესურსები და ქვეყნები იბრძვიან მთვარეზე მისასვლელად, რათა ჰქონდეთ წვდომა ამ რესურსებზე.
ბოლო დროს მთვარეზე წყლის გარდა აღმოაჩინეს იშვიათი ლითონები. ქვეყნები განსაკუთრებით დაინტერესებულნი არიან ჰელიუმ-3-ის მოპოვებით, რომელსაც აქვს თეორიული პოტენციალი, ხელი შეუწყოს ბირთვულ შერწყმას, რაც ითვლება ენერგიის წარმოების საბოლოო მიზნად.
კოსმოსური საფრთხე
ახალი კოსმოსურ რბოლას გამოწვევებიც ახლავს, მათ შორის, კოსმოსში კონფლიქტების მზარდი ალბათობა.
იმის მიუხედავად, რომ სივრცე პრაქტიკულად უსაზღვროა, ზონები, სადაც ადამიანები მოქმედებენ, შეზღუდულია.
კოსმოსში გაშვებული თანამგზავრების მომრავლება ზრდის შეჯახების ალბათობას. ასეთ შეჯახებებს შეიძლება დამანგრეველი შედეგები მოჰყვეს. გარდა ამისა, არსებობს კოსმოსური ნარჩენების დედამიწის ატმოსფეროში შეღწევის საფრთხეც.