2023 წლის აგვისტოში, 2022 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში სასტუმროს ფასების ინდექსი (სფი) 5.1%-ით შემცირდა, რაც თბილისში ფასების მნიშვნელოვანმა კლებამ (-12.6%) გამოიწვია.
ამავდროულად, აგვისტოს თვეში, 2023 წლის ივლისთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი ოდნავ გაიზარდა – 1.3%-ით, ხოლო უფრო მაღალი ზრდა (5.5%) საოჯახო სასტუმროების ფასებზე დაფიქსირდა.
სასტუმროების ფასების კვლევა PMC საკონსულტაციო ჯგუფმა ჩაატარა.
2023 წლის დასაწყისიდან საქართველოში სასტუმროების ფასების წლიურმა ინდექსმა შესამჩნევი რყევები განიცადა. ინდექსი 2023 წლის ივნის-ივლისში მნიშვნელოვნად შემცირდა. კლება ძირითადად საოჯახო სასტუმროების ფასების კლებით იყო განპირობებული.
2023 წლის ზაფხულის თვეებში აჭარაში სასტუმროს წლიური ფასების ინდექსი (სფი) 16%-ს აღწევდა ივნისში, რასაც მოჰყვა კლება ივლისსა (-2.8%) და აგვისტოში (-0.2%). ეს ნაწილობრივ, შეიძლება, გამოწვეული იყოს ზღვის პირას მდებარე სასტუმროებზე შედარებით დაბალი მოთხოვნით.
ამავდროულად, თბილისში კლების ტენდენცია უფრო მეტადაა გამოხატული, რაც მნიშვნელოვნად აისახება საქართველოში სფი-ს საერთო სტატისტიკაზე.
2023 წლის ზაფხულის თვეებში წლიური ინდექსი თბილისში უარყოფითია (საშუალოდ -11%). ეს შეიძლება განპირობებული იყოს 2019 წელთან შედარებით განთავსების საშუალებების გაზრდილი რაოდენობით, მაშინ, როცა უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა ჯერ კიდევ არ არის სრულად აღდგენილი პანდემიამდელ მაჩვენებლამდე.
რეგიონების მიხედვით, 2023 წლის აგვისტოში თვიური ინდექსი ყველაზე მაღალი
მცხეთა-მთიანეთში (7%) აღმოჩნდა, ყველაზე ნაკლები კი – რაჭაში (-6.9%).
მცხეთა-მთიანეთში (7%) აღმოჩნდა, ყველაზე ნაკლები კი – რაჭაში (-6.9%).
2023 წლის აგვისტოში, 2022 წლის აგვისტოსთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 5.1%-ით შემცირდა, მათ შორის 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 6%-ით შემცირდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები – 9.6%-ით. 2023 წლის აგვისტოში წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი იყო გურიაში (11.9%), ყველაზე დაბალი კი – თბილისში (-12.6%).