დიდი ბრიტანეთის მთავრობა გეგმავს, აკრძალოს ერთჯერადი ელექტრონული სიგარეტების, ე.წ. ვაიპების გაყიდვა ახალგაზრდებზე. ამის შესახებ გაზეთი Telegraph წერს.
აკრძალვა მხოლოდ ინგლისზე გავრცელდება. გაერთიანებული სამეფოს სხვა ქვეყნები – შოტლანდია, უელსი და ჩრდილოეთ ირლანდია აკრძალვის თაობაზე გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად მიიღებენ.
25 მაისს დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა რიში სუნაკმა კრიტიკულად შეაფასა ღია ფერების გამოყენება პროდუქციის დიზაინში, რაც, მისი თქმით, ელექტრო სიგარეტს ბავშვებისთვის მიმზიდველს ხდის.
როგორც The Telegraph წერს, ბრიტანეთში 11-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვების 11,6%-მა უკვე სცადა ელექტრო სიგარეტის მოხმარება.
ერთჯერადი ელექტრონული სიგარეტი აკრძალა ავსტრალიამ. 15 მაისიდან ქვეყანაში მისი შეძენა აფთიაქებში ექიმის რეცეპტით ხდება. ამ ტენდენციას შეუერთდა ახალი ზელანდიაც, სადაც აკრძალვა აგვისტოდან ამოქმედდა.
ანალოგიურად, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ელისაბედ ბორნმა განაცხადა, რომ, მოწევის გავრცელების შემცირების მიზნით, ერთჯერადი ელექტრონული სიგარეტი უნდა აიკრძალოს.
დიდი ბრიტანეთის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქვეყანაში დიდი რაოდენობის არალეგალური ვაიპი შედის.
არალეგალურად შეტანილ ელექტრო სიგარეტებს შეიძლება ჰქონდეთ ნიკოტინის უფრო მაღალი კონცენტრაციის დონე ან ნივთიერებები, რომლებიც აკრძალულია ქვეყნის კანონმდებლობით. ადრინდელი კვლევების თანახმად, არალეგალურ ვაიპებში იყო ტყვიის, ნიკელის და ქრომის მნიშვნელოვანი კონცენტრაცია.