საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ახალი კლინიკები და სერვისის მიმწოდებლები წელს ვეღარ შეუერთდებიან. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ახალი სუბიექტების დამატება 2023 წლის 31 დეკემბრამდე შეაჩერა. მთავრობის შესაბამისი დადგენილება 21 თებერვლიდან შევიდა ძალაში.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, მათ ეს გადაწყვეტილება მოქალაქეებისთვის ხარისხიანი და გაუმჯობესებული სერვისების მიწოდების მიზნით მიიღეს. ამავე დროს, უწყება აცხადებს, რომ ამ პერიოდში უნდა განისაზღვროს პროგრამაში ჩართულ დაწესებულებათა ოპტიმალური რაოდენობა.
სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს კრიტერიუმები და სტანდარტები, რომლის მიხედვით მოხდება კლინიკების პროგრამაში ჩართვა. აგრეთვე, სამართლიანი და კონკურენტული პირობების განსაზღვრა.
„პროგრამაში უკვე ჩართული ყველა კლინიკა ვალდებულია, შეინარჩუნოს ის სერვისები, რომელსაც პროგრამის ფარგლებში ახორციელებდნენ.
შეზღუდვა არ ვრცელდება ზოგადი ანესთეზიით სტომატოლოგიური მომსახურებასა და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაციაზე“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მორატორიუმის გამოცხადება, სავარაუდოდ, უკავშირდება რეანიმაციის მიმართულებით ახალი სტანდარტების ამოქმედებას, რომლებიც სექტემბრიდან უნდა შევიდეს ძალაში. შემდეგ კი ამას ახალი ქირურგიული სტანდარტების ამოქმედება უნდა მოჰყვეს. არ არის გამორიცხული, მორატორიუმი სელექტიური კონტრაქტების მოსალოდნელ ამოქმედებასაც უკავშირდებოდეს.