ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად რუსეთში ჩასვლას აპირებს. ამის შესახებ The New York Times ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის პირველი პირები მონაწილეობას მიიღებენ აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც 10-13 სექტემბერს ვლადივოსტოკში გაიმართება.
მოსალოდნელია, რომ კიმ ჩენ ინი რუსეთში ფხენიანიდან თავისი ჯავშანტექნიკით ჩავა. წყაროები არ გამორიცხავენ, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი მოსკოვსაც ესტუმროს.
შეხვედრაზე მხარეები აპირებენ, განიხილონ ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის საარტილერიო ჭურვებისა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების მიწოდების საკითხი. ამერიკელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, კიმ ჩენ ინი იმედოვნებს, რომ რუსეთი მიაწვდის ჩრდილოეთ კორეას სასურსათო პროდუქტებს და მოწინავე ტექნოლოგიებს თანამგზავრებისა და წყალქვეშა ატომური ნავებისთვის.
ამერიკულმა დაზვერვამ უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მხარეები აქტიურად აწარმოებენ მოლაპარაკებებს იარაღის მიწოდებაზე, რომელსაც რუსეთის არმია უკრაინის ომში გამოიყენებს. ივლისში რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ჩრდილოეთ კორეაში იმყოფებოდა. ეს ვიზიტი აშშ-ის დაზვერვამ პირველი პირების მოლაპარაკებების მომზადებად შეაფასა.