დღეს საქართველოს პარლამენტი საპენსიო პორტფელების არჩევის ვადის 2028 წლის იანვრამდე გახანგრძლივების საკითხზე იმსჯელებს.
დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის განხილვას ჯანდაცვის კომიტეტი დაიწყებს.
კანონპროექტის მიხედვით, საპენსიო დანაზოგის მქონე ყველა ბენეფიციარი 6 სექტემბრის ნაცვლად, 2028 წლის იანვრამდე ავტომატურად დარჩება დაბალრისკიან პორტფელში.
გადაწყვეტილება ხელისუფლებამ იმით ახსნა, რომ მოსახლეობა არჩევანის გასაკეთებლად მზად არ იყო:
„მოსახლეობა არ იყო მზად და შეიძლება, ამ საკითხს გაუგებრობა გამოეწვია. ამიტომ, დავიწყეთ ახალი კანონპროექტის განხილვა, რომელიც პირველი მოსმენით უკვე მიღებულია. მეორე მოსმენა იქნება წამყვან, ჯანდაცვის კომიტეტში 4 სექტემბერს და ალბათ, სექტემბრის ბოლომდე იქნება მიღებული. კანონპროექტში წერია, რომ პორტფელის არჩევის ვადა იქნება არა 6 სექტემბერი, არამედ ვადა გადაიწევს და 2028 წლის პირველ იანვრამდე ყველა დარჩება დაბალრისკიან პორტფელში“, – განმარტა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ.
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, კანონში ცვლილების შეტანამდე 5 000 ზე მეტმა ბენეფიციარმა უკვე აირჩია მაღალრისკიანი პაკეტი, რაც სქემის მონაწილეთა 0.5%-ია (სულ ამ დროისთვის საპენსიო სქემაში 1,4 მილიონი პირი რჩება).